პირველად ათი მცნება ღმერთმა ისრაელის კრებულს, სინას მთასთან ანგელოზის პირით განუცხადა. ამის შემდეგ , უშუალოდ მოსე ავიდა მთაზე ქვის ორ ფილაზე დაწერილი ათი მცნების მისაღებად. იქ მან ღვთისგან სხვა წესები და მითითებებიც მიიღო. ვიდრე მოსე 40 დღის განმავლობაში მთაზე იმყოფებოდა, ხალხმა ოქროს ხბო ჩამოასხა. მათი კერპთაყვანისმცემლობის დანახვაზე მთიდან ჩამომავალმა მოსემ ფილები, რომლებზეც ათი მცნება ეწერეა, ძირს დაანარცხა და დაამსხვრია.
მოგვიანებით, ღმერთმა უთხრა მოსეს: „ გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა და დავწერ მე იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა, შენ რომ დაამტვრიე“ ( გმ 34:1)
მოსემ იდევ 40 დღე დაჰყო სინას მთაზე, სადაც ათი მცნება მიიღო. მას ღვთის მიერ გაკეთებული განაცხადი უძღოდა : „მე ვარ შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან“. აღსანიშნავია ის ,რომ ამ სიტყვებიდან არ ჩანდა მხოლოდ ის, თუ ვინ ვის მიმართავდა, არამედ ისიც, თუ რატომ მიეცათ სწორედ ამ დროს იუდეველებს ათი მცნება, რომლებიც ღმერთს აბრაამისთვის არ მიუცია.
ათი მცნება ასე გამოიყურება:
- მცნება პირველი:მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
- მცნება მეორე:არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
- მცნება მესამე:არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა.
- მცნება მეოთხე:მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმჱ შენი, ხოლო დღჱ იგი მეშჳიდჱ, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ.
- მცნება მეხუთე:პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.
- მცნება მეექვსე:არა კაც-ჰკლა.
- მცნება მეშვიდე:არა იმრუშო.
- მცნება მერვე:არა იპარო.
- მცნება მეცხრე:არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა.
- მცნება მეათე:არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳის მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათჳის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთჳის, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.
მასალა მოამზად: თორნიკე ყრუაშვილმა.