როგორც სხვა რელიგიებში, ქრისტიანობაშიც მარხვას უდიდესი იდეური არსი და დანიშნულება გააჩნია.
ცხადია, მარხვა არაა მხოლოდ საკვების შეზღუდვა, არამედ ეს არის დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდი. მარხვის პერიოდი უდიდესი გამოცდაა ნებისმიერი ქრისტიანისთვის და ეს არის ერთ-ერთი საშუალება -იზრუნოს მორწმუნებ საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე.
მორწმუნეებს შორის ისმის არაერთი კითხვა- რეკომენდირებულია თუ არა, რომ მოზარდმა დაიცვას მარხვა. მორწმუნეთა ნაწილი ფიქრობს, რომ მარხვა მოზარდობის პერიოდშივე უნდა დაიცვას ქრისტიანმა, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მოზარდის ჯანმრთელობისთვისა და ზრდა- განვითარებისთვის სრული მარხვა საწყის ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ მედიკოსები ამ თემის გარშემო. დიეტოლოგები ფიქრობენ, რომ სრული მარხვის დაწყება მოზარდისთვის რეკომენდირებულია 17-18 წლის ასაკიდან. მოზარდის მიერ მარხვის დაცვის პერიოდი, ზოგადად, საყურადღებოა, ვინაიდან შეიძლება ორგანიზმში ვიტამინების მწვავე დეფიციტი განვითარდეს და ჯანმრთელობას გარკვეული საფრთხე შეექმნას.
ენდოკრინოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მოზარდმა იცოდეს მარხვის არსი და ამის შემდეგ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოზარდის ორგანიზმში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, რაზეც უდიდეს ენერგია იხარჯება.
ამ ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რელიგიური კუთხით ნაყროვანება-მაძღრობა ცოდვად ითვლება.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა