ისლამმა კვალი ქართული კულტურის ისტორიასა და ეთნოგრაფიულ ყოფაშიც დატოვა. „ოქროს ხანასა“ და აღორძინების პერიოდში (XI-XIII და XVI-XVIII სს.) ქართულ ენაზე ისლამური სიტყვაკაზმული მწერლობის თითქმის ყველა პირველხარისხოვანი ძეგლი ითარგმნა. უეჭველია, რომ გამუსლიმებულ ქართველთა შორის ბევრი სწავლისმოყვარე და ნიჭიერი პიროვნება იყო. მათგან ზოგიერთი მშობლიურ ენაზე აგრძელებდა მოღვაწეობას, მაგალითად: XVII საუკუნის ისტორიკოსი და ლექსიკოგრაფი ფარსადან გორგიჯანიძე, პოეტი იასე (მისი ნაწარმოებები მ. თოდუამ გამოავლინა) და სხვა, უმრავლესობა კი არაბულ, სპარსულ და თურქულენოვან გარემოს შეესისხლხორცა. მათი სახელების გამოვლენა და წარმოჩენა აღმოსავლეთმცოდნეების კვლევაძიების ერთ-ერთი საგანია.
უკვე ცნობილია ქართული წარმოშობის ათობით სპარსელი პოეტის სახელი (მავჯი, მირზა მოჰამედ თაჰერ ნასრაბატი, ქაიხოსროხანი, ზეინალბეგი,ზურაბბეგი, ქუჩუკბეგი, მირზა ახმად გორჯი, იუსუფ გორჯი და ბევრი სხვა), რომელთა არაერთი სტრიქონი მსოფლიო პოეზიის შედევრთა შორის დგას.
საყურადღებოა, აგრეთვე, „ისლამური არქიტექტურა“ საქართველოში. 1785 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე ხუთი მეჩეთია დატანილი. XXI საუკუნეში მათგან მხოლოდ ერთი დარჩა. ბევრი მეჩეთი, ჯამე და მედრესე, რომელთაგან ზოგიერთი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა, საბჭოთა რეჟიმის დროს განადგურდა. მათ შორის გამორჩეული ადგილი ეჭირა ბათუმის აზიზიეს მეჩეთსა და ომარის მეჩეთს (ცისფერ მეჩეთს) თბილისში, რომელიც 1951 წელს დაანგრიეს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.