ისლამური არქიტექტურა ჩამოყალიბდა შუა საუკუნეებში არაბთა სახალიფოს ტერიტორიაზე. მას ქმნიდნენ, როგორც არაბები, ასევე სხვა ქვეყნები: ეგვიპტე, სირია, ირანი და სხვა..
მუსლიმი მორწმუნეებისთვის უდიდესი ადგილი უჭირავს მეჩეთს. იგი მათ სამლოცველოსა და თავშესაკრებს წარმოადგენს. მეჩეთში ყოველ პარასკევს და დღესასწაულებზე იკრიბებიან მორწმუნე მამაკაცები, ეს მათი მოვალეობაა.
მეჩეთი ოთხკუთხა ნაგებობაა, რომელიც ძირითადად გუმბათით გვირგვინდება. შენობის შიგნით ეზოა აუზით, სადაც მუსლიმები განბანის რიტუალს ატარებენ. მეჩეთის შიდა ტერიტორია ხალიჩითაა დაფარული, როდესაც მუსლიმები მეჩეთში შედიან, აუცილებლად იხდიან ფეხსაცმელს.
მეჩეთთან ახლოს არის მინარეთი – მაღალი კოშკი, საიდანაც დღეში 5-ჯერ მუეძინი მორწმუნეებს სალოცავად მოუწოდებს. მეჩეთთან არსებობდა მედრესეები (სკოლები), სადაც უფასოდ ასწავლიდნენ ბავშვებს. ასევე მეჩეთთან არსებობდა ბიბლიოთეკა, სასამართლო და უფასო სასადილოები ღარიბთა და უპოვართათვის.
შუა საუკუნეებში არაბ ხუროთმოძღვართა მიერ აშენებული მეჩეთები დღემდე იზიდავს მნახველებს. ისლამური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშები მდებარეობს: იერუსალიმში, დამასკოში, კაიროში, სამარასასა და კორდობაში.
ისლამური ნაგებობები შემკული იყო ჩუქურთმებითა და მოზაიკით. როგორც ცნობილია, მხატვრობა და ქანდაკება ისლამურ სამყაროში თითქმის არ განვითარებულა, რადგან ისლამი კრძალავდა ადამიანისა და ცხოველის გამოსახვას. მხატვრობა ძირითადად წარმოდგენილია წიგნის მინიატურის სახით, სადაც გამოსახული იყო სცენები ადამიანთა ცხოვრებიდან.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.