საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ქართულ ღვინოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს სახელი განთქმული. საუკეთესოთა შორის საუკეთესო კი, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არ დაილევა. კომპანია „ბალავარს“ ღვინის წარმოების საკუთარი ისტორია და წესები აქვს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ქვევრები საინგილოშია დამზადებული.
ირინა ნამგალაური, კომპანია „ბალავარის“ მენეჯერი პასუხობს „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს.
რამდენი ხანია, რაც თქვენი მეღვინეობა არსებობს?
„ბალავარი“ 2016 წლიდან აწარმოებს კლასიკური ხაზის ღვინოს, ხოლო 2017 წლიდან დავიწყეთ ქვევრის ღვინის წარმოება.
რით არის გამორჩეული თქვენი პროდუქტი?
მეღვინეობა „ბალავარში“ ღვინოს პატიოსნებითა და გულწრფელობით ვამზადებთ. ჩვენთან ისტორიულ, მრავალსაუკუნოვან ქვევრებში და თანამედროვე საღვინე ჭურჭელში დადუღებულ ღვინოზე ზრუნავენ ის პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს თანაფარდობის დაცვა ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შერწყმისას. ამით საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარვადგენთ ღვინის აკვნად წოდებულ ქვეყანას – საქართველოს.
„ბალავარის“ მეღვინეობა კახეთის რეგიონში, შირაქის ველის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ქედზე მდებარეობს. საუკეთესო ღვინის საწინდარი კარგად მოვლილი ვენახია. ვაზის სიყვარული კი „ბალავარის“ დამფუძნებელს – ნიკოლოზ ბენიაიძეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოჰყვება, როდესაც ის ვენახის მოვლასა და რთველში უფროსებს ეხმარებოდა. მაშინ, როდესაც მეღვინეობის და მევენახეობის მრავალწლიანი კულტურა დაკარგვის პირას იყო მისული და ხალხმა, 90-იანი წლების მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, გაჩეხილი ვენახების ადგილას მარცვლეული კულტურების მოყვანას მიჰყო ხელი, ნიკოლოზ ბენიაიძემ პროფესიულ დონეზე დაიწყო მევენახეობა-მეღვინეობის შესწავლა. მეგობრებთან ერთად შეუდგა მიტოვებული ვენახების აღდგენას, მოგვიანებით კი სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ნამყენის გამოყვანა და ახალი ვენახების გაშენება დაიწყო.
ჩვენს ვენახებსა და მარანში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონის გაძლიერებაში და მიგრაციის შემცირებაში.
როგორც ვიცი, საინგილოში დამზადებულ ქვევრებს იყენებთ – ამაზე რას გვეტყვით?
დიახ, ჩვენი ქვევრები საინგილოში ცნობილი ქვევრის ოსტატების მიერ არის დამზადებული. ეს ქვევრები 50-იან წლებში გამოიტანეს საინგილოდან და განაწილებული იყო შირაქის ველზე მდებარე რამოდენიმე მარანში. 2015 წლიდან დავიყეთ მათი შეძენა და აღდგენა, რათა მიგვენიჭებინა ახალი სიცოცხლე და მათში განსაკუთრები ხასიათის ღვინო დაგვეყენებინა. ზოგიერთი მათგანი 400 წელსაც კი ითვლის, მათზე დღემდე შემორჩენილია მათი შემქმნელის დამღები, ქვევრები ძირითადად არის ცნობილი გვარის ქვევრის ოსტატების, ჩუბინიძეების და თანდაშვილის მიერ შექმნილი. ამ ქვევრებში პირველი მოსავალი 2017 წელს ჩავწურეთ. საუკუნოვან ქვევრებში დაყენებული ღვინო, სხვა ახალ ქვევრებში დაყენებულ ღვინოსთან შედარებით ხარისხით და თვისებებით სრულიად განსხვავებული გამოვიდა.
თქვენი ღვინო მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება?
„ბალავარის“ ღვინის შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე, ამ ეტაპზე აზიის ქვეყნებში. საქართველოში ძირითადად იმ მაღაზიებში ვყიდით, სადაც აქცენტი გაკეთებულია მცირე მარნების და ხარისხიან ღვინოზე. ვმუშაობთ, რათა ექსპორტის სარეალიზაციო ბაზარი გავზარდოთ და სხვა კონტინენტებზეც შევიტანოთ ჩვენს საუკუნოვან ქვევრებში დაყენებული და კლასიკური ხაზის ღვინო.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ