სამყარო მრავალფეროვანია. მრავალფეროვანია პროფესიათა არჩევანი. ბუნებასა და გარემოზე ზრუნვა ყველა ადამიანის ვალდებულებაა, თუმცა, შესაბამისი აქტივობები ზოგიერთისთვის გამორჩეულად სასიამოვნოა.
“პატარა მებაღე” ორი მეგობრის – ნატო ანთიასა და სოფო ქაშაკაშვილის სტარტაპია, რომელიც ბავშვებში, ასევე, მათ მშობლებში ბუნებისა და მცენარეების მიმართ სიყვარულის გაღრმავებას ემსახურება.
რა მიზანზეა ორიენტირებული „პატარა მებაღე“?
დღევანდელ გარემოში, განსაკუთებით კი, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს დაგვაკლდა ბუნებასთან სიახლოვე. ბუნებასთან კონტაქტის დეფიციტს განსაკუთრებით ბავშვები განიცდიან.
ვფიქრობთ, “პატარა მებაღე” ბავშვებისთვის თან სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი პროექტია. ამ პროექტის მეშვეობით ბავშვები უფრო მეტად უახლოვდებიან მცენარეთა სამყაროს, ისინი ასევე ინვითარებენ მოტორულ და ისეთ უნარებს, როგორიცაა პასუხისმგებლობა, ყურადღება, მზრუნველობა და შემოქმედებითობა.
როგორ გაჩნდა მისი დაარსების იდეა?
ამ პროექტის იდეა სწორედ პანდემიისა და ჩაკეტილობის დროს გაგვიჩნდა. მცენარეები ორივეს გვიყვარს, პანდემიის დროს კი სახლის პირობებში კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ მებაღეობა. ამ პროცესში გაგვიჩნდა სურვილი, მებაღეობის იდეა ბავშვებისთვის გაგვეზიარებინა და ჩვენი ყუთის დახმარებით გადაედგათ პირველი ნაბიჯები მცენარეების სიყვარულში.
სულ რამდენიმე დღეა, რაც „პატარა მებაღის“ ფეისბუქ გვერდი გავხსენით და ოფიციალურად დავიწყეთ პროექტი. პროექტს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მივიღეთ უამრავი შეკვეთა და ყოველდღიურად პატარა მებაღეების რიცხვი იზრდება. საოცარი გრძნობაა, როდესაც ვიგებთ, რომ ჩვენი ყუთები მოსწონთ ბავშვებს და სიხარულით რგავენ და უვლიან მცენარეს. ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. ასევე ძალიან სასიამოვნოა ისიც, რომ ამ სახალისო საქმით ბავშვები მშობლებთან ერთადაც კავდებიან.
მებაღეობა, როგორც პროფესია, რა დონეზეა განვითარებული ჩვენს ქვეყანაში?
მებაღეობა როგორც პროფესია, განვითარებას მხოლოდ ახლა იწყებს საქართველოში, თუმცა, გასულ წელს ამ საქმით მოულოდნელად ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა. მებაღეობისთვის პირველ რიგში აუცილებელია ბუნების სიყვარული და მზრუნველობა. მცენარეები ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები ხდებიან როგორც კი მათთან ურთიერთობას ვიწყებთ.
კიდევ ბევრი იდეა გვაქვს და სულ მალე ჩვენს პატარა მებაღეებს კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვან, სახალისო და შემეცნებით აქტივობას შევთავაზებთ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ