დღეს, 15 თებერვალს, მართლმადიდებლური ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. მირქმა- მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვარისა ჩვენისა იესო ქრისტესი დიდმარხვის დასაწყისია.
მეორმოცე დღეს შობიდან ღვთაებრივი ყრმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვაანეს. მოეს სჯულის მიხედვით, იმ დედაკაცს, რომელიც მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა ტაძარში შესვლა. ამ ვადის გასვლის შემდეგ დედა ტაძარში მივიდა ყრმითურთ, რათა უფლისთვის სამადლობელი და განსაწმენდი მსხვერპლი შეეწირა.
იმ ხანებში იერუსალიმში მართალი მოხუცი სვიმეონი ცხოვრობდა. მას გამოცხადება ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქრისტე მაცხოვარს არ იხილავდა. ღვთის შეგონებით სვიმეონი იმ დროს მივიდა ტაძარში , როცა იქ ღვთისმშობელმა და იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს.
იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა აგრეთვე 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა.
მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ იერუსალიმის ტაძარში ახალი აღთქმის მატარებელს შეხვედროდნენ, რომლის სახეშიც უკვე თანახატ-ქმნილიყო ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებანი.
ღვთის მირქმის მიგებების დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიის უძველეს დღესასწაულთ განეკუთვნება. ეს დღესასწაული VI საუკუნემდე ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს დროს ანტიოქიას დიდი უბედურება დაატყდა თავს _ საშინელმა მიწისძვრამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამ უბედურებას რამდენიმე წლის შემდეგ მეორეც მოჰყვა. ამ საყოველთაო უბედურების ერთ-ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო გამოეცხადა, რომ მორწმუნეთ უფრო საზეიმოდ უნდა აღენიშნათ ხოლმე უფლის მირქმის დღესასწაული.
და როცა იმ წელს, უფლის მირქმის დღეს ღამისთევის ლოცვა და ჯვარის დიდებით სვლა აღასრულეს, ბიზანტიას თავს დატეხილი უბედურებანი შეწყდა.
ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ დაადგინა უფრო საზეიმოდ აღენიშნათ ხოლმე უფლის მირქმის დღესასწაული.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა