სულ მალე, „ბალავარის“ მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი ერთადერთ ნეფროლოგიურ კურორტად მოგვევლინება საქართველოში. სასტუმრო კომპლექსი ახლა შენდება, დედოფლის წყაროს რაიონში და ის გათვლილი იქნება 80-მდე ვიზიტორზე.
როგორც კომპანია „ბალავარის“ მიერ „თბილისი თაიმსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, მრავალფუნქციური სასტუმრო განკუთვნილი იქნება მთელი ოჯახისთვის. სტუმრებს შეეძლებათ, დააგემოვნონ საუკუნოვან ქვევრებში დაყენებული ღვინო, რომელსაც თავისებური და უნიკალური არომატი ექნება.
სასტუმროში იგეგმება ტურების მოწყობა. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ აქამდე უცნობი ადგლების დათვალიერების. გარდა ამისა, ეზოში მოეწყობა ღია აუზი და სატრენაჟორო დარბაზი და , რაც მთავარია, სასტუმროს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი იქნება გადასახედი და რესტორანი, საიდანაც მოჩანს საინგილო, ალაზნის ველი და კავკასიონის ქედის დასასრული. კომპანია გეგმავს გორებზე ტერასებისა და ვენახების გაშენებას, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ამ ადგილს ტურისტებისთვის. მოეწყობა ტურები, როგორც ფეხით სიარულის მოყვარულთათვის, ასევე ცხენით და კვადროციკლებით.
სასტუმროს ეზოში განთავსდება ქვევრის ჭაჭის მარანი, სადაც შესაძლებლობა ექნებათ სტუმრებს, მონაწილეობა მიიღონ ჭაჭის გამოხდასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.
ცნობისთვის, ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოში, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური მდებარეობით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ეს იქნება არა მხოლოდ სასტუმრო, არამედ ნეფროლოგიური კურორტის ფუნქციებსაც შეითავსებს.
სასტუმრო საშუალებას მისცემს ვიზიტორებს, არა მხოლოდ სასიამოვნოდ გაატარონ ცხოვრების რამოდენიმე დღე, არამედ პრობლემის არსებობის შემთხვევაში აღმოფხვრან ის უბრალოდ იქ ყოფნითა და დასვენებით.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ