ჩვენი ქვეყანა დიდ ისტორიას, მრავალფეროვან წარსულს ინახავს. დღეს ჩვენ ვცდილობთ, რომ მისი საინტერესო და განსხვავებული კულტურა დეტალებში იყოს გადმოტანილი -ზოგიერთს, როგორც მომხმარებლებს, სხვებს კი – როგორც შემოქმედებს.
„ციმციმი“ კი სწორედ შემოქმედია. მისი დამფუძნებლები სურნელოვან სანთლებს ამზადებენ. თითოეულ სანთელს აქვს საკუთარი ამბავი და არსებობის მიზეზი. ნიკე ბელსკაია, „ციმციმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და არტ დირექტორი „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს პასუხობს.
რატომ გადაწყვიტეთ, დაგემზადებინათ ხელნაკეთი სანთლები?
საქართველო გამოირჩევა თავისი კულტურული მრავალფეროვნებით, თუმცა, სამწუხაროდ, როდესაც ტურისტი ჩამოდის საქართველოში ან ჩვენ გვინდა საზღვარგარეთ რაიმე ღირებულის ჩატანა, ძალიან რთული მოსაძებნია ორიგინალური და დახვეწილი ქართული სუვენირი. სიტყვა „ორნამენტზე“ ყველას ახსენდება ერთი და იგივე, უკვე ბევრჯერ გადაღეჭილი ორნამენტები, რომლებსაც ძირითადად უკავიათ სუვენირების ბაზარი. ჩვენს კულტურას აქვს ბევრად უფრო მეტი პოტენციალი მაგ საკითხში, გვაქვს უამრავი ულამაზესი რელიეფური ნაშრომი, რომელიც არ გვხვდება მედიაში ყოველდღიურად, ბევრი მათგანის შესახებ ადამიანებმა არც იციან, თუ არ მივიდნენ იმ კონკრეტულ ძეგლთან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვემზადებინა სანთლები, რომლებიც შთაგონებული იქნებოდა ქართული რელიეფური ხელოვნების ნიმუშებით. გვინდოდა, შეგვექმნა ქართული სუვენირი, რომელიც ყველაზე კარგად და ახლებურად მოყვებოდა ქვეყნის ისტორიას.
„ციმციმის“ გუნდში ვართ, ჯერჯერობით, ორი ადამიანი, ჩემი ქმარი აგვარებს ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს (ყალიბების გაკეთება, ფინანსური ანალიზი და სხვა). მე პროფესიით ვარ გრაფიკული დიზაინერი, შესაბამისად, მევალება კონცეპტუალური და ვიზუალური მხარე.
რით გამოირჩევა თქვენი პროდუქტი სხვათაგან?
„ციმციმის“ ყველა სანთელი უნიკალურია. როდესაც ვაარსებდით ბრენდს, მოვაგროვეთ ძალიან დიდი ბაზა, მოვიძიეთ უამრავი რელიეფი და ორნამენტი, თავისი ადგილმდებარეობითა და ისტორიით. ზოგი უკვე განადგურებული, რომელიც მხოლოდ ისტორიკოსების ჩანახატებიდანღაა შემორჩენილი, ზოგიც არსებული. პირველ ყოვლისა, ვირჩევთ ბაზიდან ორნამენტს, რომელიც ვთვლით, რომ მოუხდება წლის პერიოდს თუ დღესასწაულს, შემდეგ ვაკეთებთ მის ჩანახატს. ჩანახატის შემდეგ ვაკეთებთ ყალიბებს და ამ ყველაფრის შემდეგ უკვე ვურჩევთ სუნსა და ფერს. დღესდღეობით არც ქართულ და არც უცხოურ ბაზარზე არ გვხვდება კომპანია, რომელიც ისტორიასა და კულტურას ასე გადმოსცემს საკუთარ პროდუქტში.
ძირითადად, ქართულ ბაზარზე გვხვდება სანთლები, რომლებიც უკვე მზა ყალიბებიდან არის გაკეთებული. „ციმციმი“ ამ მხრივ ყველასგან გამორჩეულია, მომხმარებელი ვერსად ვერ იპოვის მსგავს სანთელს, გარდა ჩვენი მაღაზიისა.
ბუნებრივია, ადამიანს შეუძლია, იმოგზაუროს, მოიაროს საქართველო და თავისი თვალით ნახოს ეს ხელოვნების ნიმუშები, თუმცა, სანამ ეს მოხდება, „ციმციმი“ არის ის სუვენირი, რომელიც გვეხმარება ქართული რელიეფური კულტურის შეცნობაში.
თითოეულ მათგანს საკუთარი შინაარსი აქვს?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა მოდელი არის განსაკუთრებული. როდესაც მომხმარებელი ყიდულობს სანთელს, სანთელთან ერთად მას მისდის საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია რელიეფის ისტორია, ადგილმდებარეობა, თარიღი და მოკლე აღწერა. ბარათზე ასევე გამოსახულია ორნამენტის ჩანახატი და დატანილია ის აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც უნდა დაიცვას ნებისმიერმა მომხმარებელმა.
ასევე, ყველა სანთლის სახელწოდება გამოდმინარეობს რელიეფის ადგილმდებარეობიდან, ჯერჯერობით, გვაქვს 3 მოდელი: თეთრიწყარო, დისევი და ოშკი. მარტის თვეში ვაპირებთ მეოთხე მოდელის დამატებას.
მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ სანთლებს თუ ამზადებთ?
ვინაიდან „ციმციმის“ მთავარი მიზანია, აჩვენოს მომხმარებლებს ქართული კულტურის მრავალფეროვნება და სიმდიდრე, ის არ უხვევს მთავარ თემატიკას და მხოლოდ რელიეფების ვიზუალის სანთლებს ამზადებს.
შემოგვსვლია საკმაოდ ბევრი შეკვეთა, რომელშიც გვთხოვდნენ, დაგვემზადებინა სხვა ტიპის სანთელი, თუმცა, ყველა მათგანზე უარი ვთქვით, რადგან ეს საქმე კეთდება ქართული კულტურის წარმოსაჩენად და არა უბრალოდ სანთლების გასაკეთებლად.
თუ მომხმარებელი გამოგვიგზავნის ქართულ რელიეფს, რომელიც არ გვაქვს ბაზაში და საინტერესო იქნება, სიამოვნებით დავამზადებთ. ასევე, ყოველთვის ღია ვართ კოლაბორაციისთვის ამ მხრივ, მთავარია – ჩვენს მიზანს არ გადავუხვიოთ და დავანახოთ ადამიანებს, რამდენად დიდი სიმდიდრე არის ქვეყანაში ყურადღების მიღმა.
რისგან ამზადებთ მათ?
სანთლისთვის ვიყენებთ ცვილს პარაფინის ბაზაზე, ყველაზე კარგად სვავს არომატს და ფერს. ჩვენს არომატებს ვიწერთ ამერიკიდან და ჩამოგვაქვს უმაღლესი ხარისხის სურნელოვანი ზეთები, რომელსაც შემდეგ სანთელში ვიყენებთ. ფითილზე ბევრი ფიქრის შემდეგ, მივხვდით, რომ ხის ფითილის გამოყენება ბევრად უფრო ლამაზი და მომგებიანი იქნებოდა როგორც ჩვენთვის, ისე – მომხმარებლისთვის. ხის ფითილი, გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო ლამაზი ალით იწვის, ვიდრე ბამბის, ასევე, ხელს უწყობს სურნელის გავრცელებას ჰაერში, უფრო ნელა იწვის და, რაც ყველაზე სასიამოვნოა – ტკაცუნის ხმას უშვებს წვისას, რაც ძალიან დამამშვიდებელია. ძალიან გვიხარია, რომ ცვილსა და ფერს ვყიდულობთ საქართველოში. სამწუხაროდ, ხის ფითილებისა და არომატების მომწოდებელი ვერ ვიპოვეთ საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინდუსტრია განვითარდება და უფრო მეტი კოლაბორაციით დაინტერესებული ადამიანი გამოჩნდება. მომავალში აუცილებლად მივიჩნევთ, ყველა პროდუქტი შევიძინოთ საქართველოში.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ