დიდი სქიზმა – საეკლესიო განხეთქილება, რომელმაც ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად, მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიად გაჰყო.
დიდი სქიზმის კონკრეტული თარიღი 1054 წლის 16-20 ივლისია, მაგრამ რაც იმ დღეებში მოხდა, საუკუნეების განმავლობაში მზადდებოდა.
კონკრეტული მიზეზები, რაც საეკლესიო განხეთქილებას წარმოშობს, ორგვარია: დოგმატური და ორგანიზაციულ – მმართველობითი. ასე რომ, სქიზმა შეიძლება დოგმატურიც იყოს და არადოგმატურიც, ანდა – ერთიც და მეორეც ანუ დოგმატურიც და ორგანიზაციულიც. წინა საუკუნეებში მომხდარ სქიზმათა დიდი ნაწილი, უფრო დოგმატურ ხასიათს ატარებდა, – რომი აღმოსავლეთის ამა თუ იმ ეკლესიას ერესში ადანაშაულებდა.
1054 წლის 16 ივლისს პაპის დელეგატებმა წმინდა სოფიის ტაძარში წირვის დროს საკურთხეველზე დადეს ბულა, რომლის მიხედვითაც კერულარიოსს ბრალად ედებოდა წეს-ჩვეულებების გაფეტიშება, უვიცობა, დოგმატისა და კულტის განურჩევლობა და, რაც მთავარია, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებათა აბუჩად აგდება – რომის საყდრის უპატივცემულობა. პატრიარქთან ერთად ირისხებოდა ყველა, ვისაც ეეჭვებოდა, რომ წმინდა ტახტი აღმატებული მადლით იყო მოსილი. ოთხი დღის შემდეგ, 20 ივლისს, შედგა ადგილობრივი კრება თორმეტი მიტროპოლიტის, რამდენიმე ეპისკოპოსისა და სამღვდელო დასის შემადგენლობით. ეს იყო ტრიბუნალი, რომელმაც ანათემა შეუთვალა პაპსა და მის თანამოაზრეთ, ბულა კი დაწვეს.
ამრიგად, რომის პაპმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ერთმანეთი შეაჩვენეს. მოხდა დიდი სქიზმა: დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები გაითიშნენ. მიზეზი პოლიტიკურია, საბაბი – დოგმატური, უფრო სწორად, ისინი გადახლართულია ერთმანეთში პირველის უპირატესობით.
ევქარისტული კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის ერთბაშად არ გაწყვეტილა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს რომის ეკლესიის თეორია და პრაქტიკა განსხვავებულ კონფესიად ერთსა და იმავე დროს არ აღუქვამთ
წყარო: www.nplg.gov.ge
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.