წმინდა მოციქული მათე იყო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. იგი იყო მებაჟე, რომელიც ქრისტეს პირველსავე მოწოდებაზე მისი მოციქული გახდა. მას ორი ძმა ჰყავდა. მათე ღვთისმშობლის ძალიან ახლო ნათესავი იყო. მან ქრისტეს ამაღლებიდან მე-8 დღეს დაწერა სახარება ებრაელთათვის. მოციქულმა ქრისტეს რჯულზე მოაქცია მრავალი ქვეყანა.
ისტორია გვიყვება შემდეგს:
უფლის კურთხევით მოციქულმა მათემ უფლისმიერ ბოძებული ჯოხი დარგო ახლადაშენებული ეკლესიის წინ, რომელმაც ყველას თვალწინ გამოიღო შესანიშნავი ნაყოფი და ხის ძირიდან გამოვიდა წყარო, რომელშიც პირს თუ დაიბანდნენ, ყველანი ლამაზდებოდნენ. აქ მონათლა წმიდა მათემ ქალაქის მთავრის ფულვიანეს ეშმაკეული ცოლ-შვილი, რომელნიც ფიზიკურად და სულიერად გალამაზდნენ.
ფულვიანეს ჯერ კი გაეხარდა ეს ამბავი, მაგრამ როცა მასიურად იწყეს მონათვლა, მაშინ წმიდა მათეს მოკვლა გადაწყვიტა. მისი ბრძანებით წმ. მათე მიწაზე ლურსმნებით დააკრეს. ფიჩხი დააყარეს და ისე წაუკიდეს მას ცეცხლი. მალე ცეცხლი ვარდად იქცა, წმიდა მათე კი უვნებელი იყო. ფულვიანემ ეს წმიდა მათეს გრძნეულებას დააბრალა, კიდევ დააწყობინა მის ზურგზე ფიჩხი, გოგირდი, კუპრი და წაუკიდა ცეცხლი, გარშემო 12 ოქროს კერპი შემოუწყო. ცეცხლმა დაადნო კერპები, ბოლოს იქიდან გამოძვრა ცეცხლის გველი და ჩასაყლაპად გამოუდგა მთავარს. მაშინ კი შეეხვეწა ფულვიანე შველას წმიდა მათეს. მან ცეცხლი შერისხა და გველიც გაუჩინარდა. ფულვიანემ დიდი პატივით მოინდომა ცეცხლიდან გამოეყვანა წმიდა მათე, მაგრამ მოციქულმა აღარ ინება, ილოცა და ლოცვაში მიაბარა სული უფალს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა