მრწამსი არის სარწმუნოების სიმბოლო. სიმბოლო ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “ვაერთებ” “შევკრებ”. ე.ი. მრწამსი ქრისტეს მოძღვრების შეჯამებაა. მრწამსი ნიკეა (325) _ კონსტანტინეპოლის (381) მსოფლიო კრებებზე მიიღეს. წმინდა გიორგი მთაწმინდელის მიერ ქართულად თარგმნილმა ტექსტმა ჩვენამდე 10 საუკუნიდან მოაღწია. სარწმუნოების სიმბოლო 12 წევრისგან შედგება.
I წევრი: მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი,შემოქმედი ცათა და ქვეყანისა,ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.
რწმენა არის დაჯერება, დარწმუნება, რომ არსებობს ღმერთი. ერთი ღმერთი ნიშნავს იმას, რომ წარმართთა მრავალღმერთიანობის საპირისპიროდ ღმერთი ერთი უნდა იყოს, რადგან მრავლის არსებობის შემთხვევაში იგი სრულყოფილი არ იქნებოდა. ის, ვინც არის სრულყოფილი არ საჭიროებს მეორეს, ხოლო თუ სრულყოფილი არ არის, არც ღმერთი იქნება. ჩვენ ვაღიარებთ ერთარსება და სამპიროვან ღმერთს – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. არსობრივად თუ მამა არის ბრძენი, სახიერი, ყოვლადშემწე ასევეა ძეც და სულიწმინდაც, მაგრამ ისინი ჰიპოსტასურად განსხვავდებიან – მამა უშობელია, ძე შობილი, სულიწმინდა გამომავალი მამისგან.
ღმერთი არის შემოქმედი ხილული და უხილავი ქვეყნისა, უხილავში ანგელოზები იგულისხმებიან. სიტყვა ანგელოზი ბერძნულია და ნიშნავს მოციქულს, ამბის მაუწყებელს. სულ ცხრა დასი არსებობს ანგელოზთა – საყდარნი; ქერუბიმნი; სერაფიმნი; უფლებანი; ძალნი; ხელმწიფებანი; მთავრობანი; მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. ღმერთი არის შემოქმედი ხილული ქვეყანისაც. პირველ დღეს მან შექმნა ნათელი, მეორე დღეს სამყარო ანუ ხილული ცა, მესამე დღეს წყალი გაყო ხმელეთისგან, მეოთხე დღეს მცენარეებს და ხეებს აღმოცენება უბრძანა; მეხუთე დღეს თევზი და ფრინველნი; მეექვსე დღეს ცხოველები და ადამიანი, ხოლო მეშვიდე დღეს საქმეთაგან განისვენა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა