საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საკლასო ოთახებში მოსწავლეების დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.
„მე ყველგან ვამბობ, არა როგორც მხოლოდ მინისტრი, არამედ როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, რომ სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო ეს არის სკოლაში – საკლასო ოთახი და უნივერსიტეტში – აუდიტორია. ეს, ცალსახად ასეა. რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს დისტანციური სწავლა, ის ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ ბუნებრივ პროცესს, იმ ენერგიას, რომელიც საუნივერსიტეტო აუდიტორიასა და საკლასო ოთახშია. კიდევ ერთხელ, მინდა მივულოცო საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძელით, ეპიდსიტუაციამ საშუალება მოგვცა, მოსწავლეები საკლასო ოთახში დაბრუნებულიყვნენ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევინარჩუნოთ.
შესაბამისად, ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ საშულება, საკლასო ოთახში გააგრძელონ სწავლა. შემდეგი ეტაპი იქნება საბავშვო ბაღები, ამის შემდეგ – პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.
პროცესს დეტალურად ვაკვირდებით, თუ რა გავლენას იქონიებს საკლასო ოთახებში დაბრუნება ეპიდსიტუაციაზე. მინდა გითხათ, რომ მშვიდობით მიდის პროცესი. ჩვენ ინდივიდუალურად, წერტილოვნად ვმართავთ ყველა სკოლას. თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ სემესტრს საკლასო ოთახებში დავასრულებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, აღარ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ეს არის მთავარი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.