არცთუ ისე დიდი ხანია, რაც წინანდლის მამულმა პირველად ჩამოასხა არაყი მეგრული მსხლისგან. ღვინის წარმოებისა და რეალიზებით წინანდლის მამული მთელს ქვეყანაშია ცნობილი – ის სხვა ქვეყნებში აქტიურად გადის. რა ვითარებაა, ამ მხრივ, მსხლის არაყთან დაკავშირებით და რა პროცესები ახლავს თან – წინანდლის მამულის მეღვინეობის კომერციული დირექტორი, კოკა არჩვაძე „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს პასუხობს.
რამდენი ხანია, რაც მეგრული მსხლისგან არაყს ამზადებთ?
დეკემბერში ჩამოვასხით. პირველი ჩამოსხმაა და სულ 225 ბოთლია.
უფრო დეტალურად, სად მიმდინარეობს ეს პროცესი?
ჩვენთან, წინანდლის მამულში ხდება გამოხდა. ძნელია არყის გამოხდისთვის შესაფერისი მსხლის შოვნა და ამიტომ ჯვრიდან, სამეგრელოდან წინანდლამდე, კახეთამდე ჩამოვიტანეთ მცირე რაოდენობით. განსაკუთრებული არომატი ჰქონდა და ამიტომ ბოთლშიც ასე გამოკვეთილად გადმოყვა.
უცხო ქვეყნებში თუ გაგაქვთ თქვენი პროდუქტი?
წინანდლის მამულის ხილის არყების უმეტესობა ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება და, ღვინისგან განსხვავებით, იშვიათად გადის ექსპორტზე. ძირითადად, მამულშივე რჩება და ადგილზე ვყიდით.
როგორია მისი გამოხდის პროცესი – რაიმე გამორჩეული თვისებებით თუ ხასიათდება?
ხილის არყის წარმოებას ორი რამ სჭირდება – არომატული ხილი და ხარისხიანი სადისტილაციო დანადგარი. ჩვენს შემთხვევაში ეს არის იტალიელი მწარმოებლის „ბარისონის“ სპეციალურად წინანდლის მამულისთვის შექმნილი მცირე სახდელი. ასე რომ, კახეთში წარმოებულ „სხულიშ ონტკას“ მეგრული სული აქვს და იტალიური ტექნოლოგიები ქმნის.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ