ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 32.0 მილიარდი ლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 12.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.3 პროცენტით ნაკლებია.
2020 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.1 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 22.0 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.6 პროცენტი, საშუალოზე – 27.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.7 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის IV კვარტალში 18.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 11.0 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.0 პროცენტით ნაკლები).
2020 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 641.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1 პროცენტი ქალია, ხოლო 58.9 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 609.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 9.6 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 637.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით ნაკლები).
2020 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 417.0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 12.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1070,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 21.8 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 439.6 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 632.6 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 228.4 ლარი
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.