მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირი არის შეიხი. პიროვნება, რომელიც მუსლიმთა თემს, საკრებულოს (ერთს ან რამდენიმეს) ხელმძღვანელობს, სალოცავ სახლს ემსახურება, რიტუალებს ასრულებს და ქადაგებას წარმოთქვამს, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: იმამი, ახუნდი, მოლა და ხოჯა. ამასთანავე, ერთი და იმავე დასახელების სასულიერო პირს სასულიერო იერარქიაში (სხვადასხვა გარემოში) სხვადასხვა რანგი და თანამდებობა უჭირავს: იმამი ზოგან ზედამხედველი ღვთისმსახურია, ზოგან – რიგითი ახუნდი (სპარს. მასწავლებელი) ზოგან მაღალი თანამდებობის რჯულის მეცნიერია, ზოგან – მეჩეთის მსახური.
ისტორიული თვალსაზრისით ყველაზე გავრცელებული სახელწოდებაა იმამი, რაც სიტყვა-სიტყვით „წინამდგომელს“, „ხელმძღვანელს“ ნიშნავს. არსებობს „დიდი იმამი“ და „მცირე იმამი“. პირველი მოცემული ქვეყნის ან სახელმწიფოს მუსლიმთა სასულიერო და პოლიტიკური ლიდერია (მაგ. იმამი შამილი), მეორე კი ერთი რომელიმე ან (აუცილებლობის შემთხვევაში) რამდენიმე საკრებულოს წინამძღოლია. დიდი იმამის თანამდებობა სუნიტური ტრადიციით არჩევითია, შიიტურით კი – მემკვიდრეობითი და ის მეოთხე კანონიერი ხალიფა ალის (656-661) შთამომავლებს გადაეცემათ. მცირე იმამის ადგილზე ინიშნებოდნენ და ინიშნებიან სასულიერო განათლების მქონე პირები, რომლებიც მაღალი ზნეობითა და ღვთისმოსაობით გამოირჩევიან. ამავე თანამდებობას ასრულებს მოლა (არაბ. – მავლა, სპარს. – მოლლა „ბატონი“, „მბრძანებელი“, „მეუფე“), რომელსაც თურქულენოვან მუსლიმურ სივრცეში ზოგჯერ ხოჯა ეწოდება (აჭარა).
სალოცავ სახლებთან, ბევრ შემთხვევაში, მოქმედებს დაწყებითი, საშუალო, ანდა უმაღლესი სასულიერო-საგანმანათლებლო სასწავლებელი – მაქთაბი და მადრასა. მაქთაბს განათლების სისტემაში დაწყებითი სკოლის (პირველი საფეხურის) შინაარსი აქვს. მადრასა (მედრესე, არაბ. მადარის „სწავლის ადგილი“) საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელია, სადაც მუსლიმი ულემები (ალიმები: მცოდნენი, სწავლულები, მეცნიერები) პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან. ასეთი სასწავლებლები ისლამის ქვეყნებში X საუკუნიდან არსებობს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა