არ შეიძლება, ერთი მხრივ კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობისგან გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ღამე გადაადგილებაში, მაღაზიებში, ფიტნეს-დარბაზებში სიარულში და მეორე მხრივ ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე. ეს ორი რამ შეუთავსებელია, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, რადგან მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია.
„საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე. უნდა აირჩიოს ორი გზიდან ერთ-ერთი. პირველი: ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიურ, სრულმასშტაბიან ვაქცინაციაში. პარალელურად ვაფართოებთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის აცილებას. ასეთ შემთხვევაში გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა – ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალებების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც თან მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის“, – აღნიშნა ცერცვაძემ.