დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კორონავირუსზე აცრა სავალდებულო არ გახდება.
მისივე თქმით, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ვაქცინაცია აუცილებელია.
„ზოგადად აცრა/იმუნიზაცია სავალდებულო, გარდა გამონაკლისი და გარკვეული ჯგუფებისა მთელს მსოფლიოში არსად არ არის. იგივე ის კალენდარი, რაც ჩვენ გვაქვს არ არის სავალდებულო. ადამიანს ვერ დააძალებთ, თუ მას არ უნდა აცრა.
სავალდებულო აცრა ბევრჯერ იყო განხილული მათ შორის პარლამენტში იყო განხილვის საგანი, როდესაც ჩვენ ორი წლის წინ ძლიერი წითელას ეპიდაფეთქება გვქონდა, მაშინ განიხილებოდა ეს.
ამიტომ ეს კოვიდის ვაქცინა ახალია და კანონმდებლობით სავალდებულო არ გახდება. მაგრამ არის რიგითი მეთოდები, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს, რომ ისინი უნდა აიცრან. მაგალითად ბევრმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ არ გაყიდიან ბილეთებს თუ ადამიანი ორჯერ არ არის აცრილი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.