მეთოჯინეობა ჩვენს ქვეყანაში უფროდაუფრო საინტერესო ხდება როგორც ხელოვანი ადამიანებისთვის, ისე – უბრალოდ, ხელოვნებისა და სილამაზის მოყვარულთათვის. სწორედ ამიტომ, რაც უფრო გამორჩეულია თოჯინა და განსხვავდება ის სხვათა ნამუშევრებისგან, მით უფრო მოთხოვნადია.
სწორედ ამ კონკურენციისა და მრავალფეროვნების პირობებში, მეთოჯინეები ცდილობენ, ჰქონდეთ ის დამახასიათებელი ნიშანი, რითაც თოჯინის ავტორის ამოცნობა გახდება შესაძლებელი. უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში არაერთი ნიჭიერი ხელოვანია, რომელიც ზღაპრული გმირების დამზადებითაა დაკავებული.
უკვე სამი წელია, რაც ლანა ლობილაძე ჯადოსნურ ქმნილებებს ქმნის, რომლებიც სწორედაც რომ ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურებენ. გადაჭარბების გარეშე, მისი თოჯინები თანაბრად საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის.
„თბილისი თაიმსს“ დეტალებზე ლანა თავად ესაუბრა.
თქვენი ნამუშევრები (გმირები, პერსონაჟები) რის მიხედვით იქმნება?
ძირითადად, ზღაპრული სამყაროს პერსონაჟებია – ელფები, ფერიები, გნომები, ტყის სულები. არ მიყვარს რეალიზმი მეთოჯინეობაში, პირიქით – ვცდილობ, შევძინო საინტერესო, არაამქვეყნიური იერი ჩემს პერსონაჟებს. თუმცა, ხშირად შეკვეთის მიხედვით მიწევს კონკრეტული, პროტოტიპებს მიმსგავსებული თოჯინების გაკეთება, მაგრამ ამ დროსაც ვცდილობ, არ დავუკარგო ზღაპრულობა და გარკვეული ელემენტები შევიტანო გარეგნობაში, მაგალითად – წვეტიანი, “ელფური” ყურები.
მასალად რას იყენებთ?
მასალად ვიყენებ პოლიმერულ თიხას, რომლისგან იძერწება სხეულის ნაწილები და იწვება ღუმელში. შემდეგ ტექსტილიდან იკერება სხვა ნაწილები და ერთმანეთს უერთდება. თუ სტატიკურობა მინდა, ვაყოლებ რკინის კარკასს. შემდეგ თოჯინა იღებება და იმოსება. ვიყენებ მხოლოდ ძვირფასს და იშვიათ ნაჭრებს, ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ერთი თოჯინის გაკეთებას ხანდახან 2-3 კვირა სჭირდება.
უცხო ქვეყნის წარმომადგენლები რამდენად ინტერესდებიან თქვენი თოჯინებით?
ბოლო პერიოდში ძალიან მოთხოვნადი გახდა თოჯინები, უცხო ქვეყნების წარმომადგენლები უფრო ხშირად მომმართავენ, ძალიან მიხარია, რომ ჩემი თოჯინები უკვე ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ, გაგზავნილი მაქვს ამერიკაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, უკრაინაში, ლიტვაში, ისრაელსა და იაპონიაში.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ