ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში აქტიურად მუშაობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. ის არის ცხოველთა თავშესაფარი, რომელშიც ცხოველები სხვადასხვა ისტორიით თუ ამბით ხვდებიან.
ამ დაწესებულებას არაერთი სარგებელი მოაქვს როგორც ცხოველებისთვის, ისე, თავისთავად, ადამიანებისთვის. მის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე „თბილისი თაიმსს“ ნატა უზუნაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ესაუბრა.
როგორც ნატა ამბობს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ცხოველები სტერილდებიან – ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.
„ჩვენთან ცხოველები სტერილდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ უწყდებათ რეპროდუქციის უნარი. ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, ყველაზე ჰუმანური მეთოდი იმისთვის, რომ ქუჩაში არ იყოს უამრავი ცხოველი.
ევროპული ქვეყნები სწორედ კასტრაციის შედეგად მივიდნენ იმ შედეგამდე, რომ, რეალურად, ქუჩაში აღარ არიან ცხოველები და თითოეულ მათგანს ჰყავს პატრონი. ეს ოპერაცია თვითონ ცხოველებისთვისაც არის სასარგებლი, რადგან მათ აღარ უჩნდებათ სიმსივნური დაავადებები, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ნაკლებად აგრესიულები არიან, ტერიტორიის მონიშვნის სურვილი უქრებათ და ა.შ.“, – განმარტავს ნატა.
როგორც ნატა აღნიშნავს, ვინც არ იცის ამ სარგებლის შესახებ, ყველა ფიქრობს, რომ ეს გზა ცხოველებისთვის საზიანოა. თუმცა, ეს ასე არ არის.
„ ჩვენთან შემოდის ტრავმირებული ცხოველები და მათ ჩვენი ვეტერანები ეხმარებიან. ძირითადად, არიან ნაავარიები. შემოდიან, ასევე, დაკბენის შედეგად დაზიანებული ცხოველები, ადამიანის მიერ ნაცემი… ასევე, ცხოველები, რომლებსაც აშკარა გამოხატული ნიშნები აქვთ დაავადების – ისინი გადაჰყავთ გამოძახების საფუძველზე“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ნატა უზუნაშვილი.
ის განმარტავს, რომ, რეალურად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არ არის სამკურნალო დაწესებულება.
„ჩვენთან სტერილდებიან ცხოველები. ვცდილობთ, დიდ ნაკადებს მოვერიოთ. თუმცა, ვაკეთებთ პატარა ოპერაციებს, ამპუტაციას და მცირეხნიან მკურნალობებსაც ვწევთ“.
ნატა ცხოველისთვის ,,დაკარგულის სტატუსის“ მინიჭებაზეც საუბრობს.
„თუ მოქალაქეს ცხოველის გარეგნული მახასიათებლები აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ის შეიძლება, იყოს დაკარგული, გვიძახებს ჩვენ – თუ,მაგალითად, ცხოველს უკეთია საყელური და ეტყობა, რომ მოვლილია. ამ შემთხვევაში, ქვეყნდება განცხადება, რომ ის დაკარგულია. პატრონს აქვს 10 დღის ვადა, რომ მოაკითხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოველი ჩუქდება“, – განმარტავს ნატა უზუნაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ