ჩვენი ქვეყანა უზომოდ მნიშვნელოვან მოვლენას აღნიშნავს. UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. აღნიშნულს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და შესაბამისმა ემოციებმა მთელი საქართველო მოიცვა.
უფრო დეტალურად, რა მნიშვნელობისაა ეს მოვლენა საქართველოსთვის – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ესაუბრა.
თბილისი რომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა, არის არა მხოლოდ მიმდინარე წლისთვის მნიშვნელოვანი, არამედ, ზოგადად, ქართული სალიტერატურო სივრცისთვის გრძელვადიანი და მასშტაბური მოვლენა. ეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, მიუხედავად კოვიდპანდემიისა, ჩვენი დედაქალაქი და, რაც მთავარია, აქ არსებული კულტურული ცენტრები, ავტორები და გამომცემლები მოხვდებიან მსოფლიოს ფოკუსში.
ეს გულისხმობს ძალიან ბევრი გამომცემლის, ლიტერატურული აგენტისა და სხვა დაინტერესებული ადამიანების ჩამოსვლას საქართველოში.
რა გზა გავიარეთ იმისთვის, რომ ეს სტატუსი მოგვეპოვებინა?
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქართულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს, როგორც, ლიტერატურული თვალსაზრისით, მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის შესახებ. ეს ინფორმაცია განიხილა იუნესკო-მ და მოხდა სრულიად უპრეცედენტო რამ – პირველივე განცხადებაზე გვერგო პატივი იმისა, რომ სწორედ ჩვენ ვყოფილიყავით ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლები.