ქართული ბიო და ნატურალური პროდუქტები – ეს არის ის, რასაც „დანსეტი“ გვთავაზობს. სხვადასხვა მიზეზის გამო, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტი დღეს ნაკლებად ხელმისაწვდომია. შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურად იღებს საკვებს, რომელიც შხამ-ქიმიკატებით არის წარმოებული.
„დანსეტ“-ის დამფუძნებელი, ვერიკო ტომარაძე „თბილისი თაიმსს“ დეტალებზე ესაუბრა.
„ეს არის ბიოორგანული პროდუქტების მაღაზია. ძირითადად, წარმოდგენილია „ელკანას“ წევრი ფერმერების პროდუქტები ორგანული მეურნეობებიდან. არსებობს, სულ რაღაც, ორი თვეა“.
კონკრეტულად, რა პროდუქტები რეალიზდება თქვენთან?
გვაქვს მარცვლეული, ღვინოები. ასევე, რძის პროდუქტები – რომლებიც არ არის ორგანული, რადგან მაშინ თვითონ ძროხა რასაც ჭამს, ის უნდა იყოს ორგანული. რძის ნაწარმი არის აბასთუმნიდან, წალკადან და საჩხერიდან. გვაქვს ბადაგზე დამზადებული ჩურჩხელა, შაქრისა და სიროფების გარეშე. თაფლი წარმოდგენილია გურიიდან, რაჭიდან, სამეგრელოდან და კახეთიდან.
გვაქვს ყავა, როგორც დაბალ, ისე – მაღალხარისხიანი. არის ორგანული ყავები, ასევე, უკოფეინი. გარდა ამისა, ორგანული ჩაი, საღებავის გარეშე და არის გურიიდან.
ჩვენთან ასევე იყიდება ჩირები, სანელებლები, აჯიკები, კომპოტები, მურაბები, ჯემები – ისინი არ არის ბიო, მაგრამ არის ნატურალური პროდუქტები.
ისინი ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი?
დიახ, ჩვენი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ფასები შედარებით მაღალია გარკვეულ პროდუქტებზე, რადგან იქ არის ძვირი, საიდანაც ჩვენ მოგვაქვს.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ვაპირებთ, რომ დავამატოთ ხილი და ბოსტნეული, თუმცა, უნდა შემოვიტანოთ მხოლოდ ორგანული პროდუქტი. რადგან ისინი ჯერ ფიზიკურად არ არის, ველოდებით. ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა, შედარებით ძვირი, მაგალითად, კარტოფილი. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ, გვქონდეს ჩირის, კომპოტების, მურაბების, ჯემების, აჯიკებისა და ტყემლის საკუთარი წარმოება.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ