ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ე.წ. კომენდანტის საათის 23:00 საათამდე გადაწევის გადაწყვეტილება, საკოორდინაციო საბჭომ, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.
მისი თქმით, მსგავსი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების პირობებში ზამთარში შემსუბუქების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.
„შემსუბუქების გადაწყვეტილება ეხება ღამის მოძრაობის შეზღუდვის შემსუბუქებას. ზაფხულის პერიოდთან და დღის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად მოსახლეობის მხრიდან ამ შემსუბუქების ძალიან აქტიური და მწვავე მოლოდინი იყო.
ამ პირობებში აქტივობა კიდევ უფრო მოსალოდნელია გარე სივრცეში, ვიდრე შიდა სივრცეში. გარე სივრცე კი ეპიდემიოლოგიური კუთხით ნაკლები რისკის მატარებელია. ამ გადაწყვეტილებას ზამთარში მსგავსი პიკური მდგომარეობის პირობებში, ვერ მივიღებდით, მაგრამ ზაფხულის პირობებში, როდესაც გარე სივრცეში აქტივობა უფრო მეტია, ეს ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდას აბალანსებს“, – განაცხადა გაბუნიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით საბჭოზე მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა ეს საკითხი მნიშვნელოვანია და უახლოეს პერიოდში დადგება.