აპრილის ერთ ნაშუადღევს ბრუკლინის სიახლოვეს 4 წლის ნოა რუიზმა დედამისს, ჯენიფერ ბრაიანტს სთხოვა, მისთვის სპანჯბობის ფორმის ჯოხიანი ნაყინი ეყიდა. მას შემდეგ, რაც დედამ ამაზონზე პროდუქტის ღირებულება ნახა, ნოას უთხრა, რომ ის ძალიან ძვირი იყო და არ სურდა მისი შეძენა…
მომდევნო დღეს, UPS-ის სატვირთო მანქანა ჯენიფერის დის სახლის ზღურბლთან 70 კილოგრამიანი ყუთით აღმოჩნდა, რომელიც 51 შეკვრა, ანუ 918 სპანჯბობის ნაყინით იყო სავსე. ჯენიფერისა და მისი დის საერთო ანგარიშიდან კი, 2188,85 აშშ დოლარი ჩამოიჭრა.
“ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილი ამას გააკეთებდა. 51 შეკვრა? ჯანდაბა, არა!” – თქვა ჯენიფერმა და ამაზონის მომხმარებელთა სამსახურთან საჩივარი შეიტანა. თუმცა მოგვიანებით მან გააცნობიერა, რომ ნოა გამუდმებით რიცხვ 51-ს იმეორებდა…
“- შეუკვეთე ნაყინი? მართლა გააკეთე ეს?
– კი. უფრო მეტი ხომ არ შევუკვეთოთ?” – ასეთი საუბარი გაიმართა დედა-შვილს შორის.
ჯენიფერი პანიკაში ჩავარდა და ნაყინის სანაცვლოდ ფულის უკან დაბრუნება ითხოვა, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღო. ამის შემდეგ მან სცადა, ხარჯის დასაფარად ნაყინები გაეყიდა. თუმცა ისინი ძალიან სწრაფად დნებოდა და არც საკმარისი ადგილი ჰქონდათ მათ შესანახად.
როგორც ხედავთ, სიტუაცია მართლაც უიმედო იყო… ვიდრე Facebook-ზე ჯენიფერის პოსტს მისი კურსელი არ გამოეხმაურა. “ის უბრალოდ ვერ შეძლებს ამ თანხის დაფარვას, ამის გარდა მას სტუდენტური სესხები და სხვა ოჯახური ხარჯები აქვს”. ამის შემდეგ შეიქმნა ფონდი “Noah Bought $2,619 Worth of SpongeBob Popsicles” და მან მოსალოდნელ შედეგს გადააჭარბა – რამდენიმე დღეში თითქმის $17 000 მოგროვდა.
როგორც ჯენიფერი ამბობს, დამატებითი თანხა ნოას განათლებას მოხმარდება, რომელსაც შემოდგომაზე აუტიზმის სპექტრის ბავშვებისთვის განკუთვნილ სკოლაში წაიყვანს. “მე ძალიან მადლიერი ვარ და ნამდვილად ვაფასებ ამას”.
რაც შეეხება Amazon-ს, კომპანია ნაყინების სანაცვლოდ მიღებულ თანხას ოჯახის მიერ არჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს.