ადამიანები თავს კომფორტულად ვგრძნობთ გარემოში, რომელშიც თითოეული დეტალი სასიამოვნოა. ასე გვეძლევა მოტივაცია ჩვენს ყოველდღიურობაში. როგორც წესი, დიასახლისები, და არამარტო, ზრუნავენ, რომ საცხოვრებელი სივრცის ნებისმიერ დეტალში იყოს ჰარმონია. სწორედ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს „აკაცია“ – ხის ნივთები, რომლებიც ახალისებს და ქმნის განწყობას.
მისი შექმნის იდეა ოთხ მეგობარ გოგოს გაუჩნდა – სოფიო ვაჭარაძეს, ირინე ხაჟომიას, ნინო ვაჭარაძესა და რუსუდან ბაბუნაშვილს. „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს სწორედ დამფუძნებლები პასუხობენ.
კონკრეტულად, რას ამზადებთ?
„აკაცია“ ხის ქართული საწარმოა, რომელიც გამორჩეული დიზაინის ხის პროდუქციას ამზადებს. ვინტაჟური სტილის ლანგარი, ხორცისა და ყველის დაფები, ხის ულამაზესი კალათები და ყუთები, მობილურის სადგამები, დაფები ფერად-ფერადი ნახატებით, კედლის დეკორები ცნობილი მხატვრის ან თქვენივე ინდივიდუალური დაკვეთებით, მაგიდები, თაროები და კიდევ მრავალი სხვა ულამაზესი დიზაინის მქონე ნივთი აკაციაში შეგიძლიათ, შეიძინოთ.
როდის და რა მიზეზით გაჩნდა იდეა, დაგემზადებინათ მსგავსი ნივთები?
იდეა გასული წლის ნოემბერში გაჩნდა. ჩვენ ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც პანდემიის პერიოდში გარკვეული დროის მანძილზე შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. ჩვენი მთავარი მოტივატორი სწორედ ეს ადამიანები იყვნენ. ოთხმა მეგობარმა გოგომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ჰობი ბიზნესად გვექცია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ პატარა, დამწყები საწარმო ვართ, გვჯერა, შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ხის ნივთების წარმოების განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ეს პატარა ინიციატივაც ამ დიდი მიზნის ნაწილია, რომლის წარმატების საზომი დასაქმებული ადამიანები და ექსპორტზე გატანილი პროდუქცია იქნება.
თქვენი პროდუქცია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი?
„აკაციას“ პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს მოსახლეობითვის არის ხელმისაწვდომი, მიმდინარე წლის გეგმებში ბევრი ახალი პროდუქტის დამატება გვაქვს, მომავალი წლიდან კი საექსპორტო ხის ნივთების წარმოებას დავიწყებთ.
წარმოების გაფართოებას თუ გეგმავთ?
დიახ, მუდმივად განვითარება და გაფართოება აუცილებელია, გაყიდვებიც იზრდება და ჩნდება საჭიროება, რომ საკუთარი საწარმო დანადგარები გვქონდეს. ბიზნესის მხარდაჭერის უამრავი კარგი პროექტი არსებობს და იმედი გვაქვს, ამ პროექტების დახმარებით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ბიზნესს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ