პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. გადმოცემის მიხედვით, წინათ ღვთისმშობლის ხატი ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში ბრძნადებოდა თურმე. საყდრის მთავარხუცესმა სილიბისტრომ ამ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილა, თითქოს სიზმარში მას ღვთისმშობელმა უთხრა, რომ სილიბისტრო მთავარხუცესი საკრებულო ტაძარში შესულიყო, მისი ყოვლადწმიდა ხატი აეღო და იმ ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა ელოდა. მთავარხუცესმა სიზმარს არ დაუჯერა, ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარხუცესს ორჯერ გამოეცხადა და იგივე აუწყაო, მთავარხუცესმა არც ახლა დაიჯერა…ღვთის ნება ასრულდა ამ ციხე-ქალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა იგი, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ღვთის ბრძანებით ამ წარღვნისაგან დაცულ იქნა – ხატი ღვთის განგებით ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდაო. როცა მთავარხუცესმა ასეთი სასწაული იხილა, მიირბინა და დაეცა სასწაულებრივი ხატის წინაშე, როცა მიუახლოვდა, შეეხო მისი უწმიდესობის ხატს, ყოვლიწმიდის ხატი მის ხელებში მიესვენა…კიდევ გამოეცხადა სიზმარში მთავარხუცესს ღვთისმშობელი და ამ უწმიდესი გამოსახულების ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანა. მთავარხუცესმა ღვთისმშობლის ის ხატი ქუთაისში მიასვენა და საკრებულო ტაძარში მოათავსა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.