ლარი მყარდება. ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე, საწვავის ფასი უკვე საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას აცხადებს, საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე მზარდია.
“როგორც მოგეხსენებათ, საწვავი არის იმპორტირებული. სამწუხაროდ, უკვე ბოლო 15 თვეა, მსოფლიო ბაზარზე ფასი კი არ იკლებს, არამედ პირიქით, იმატებს. გასული წლის გაზაფხულზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი იყო, დაახლოებით, 38-39 დოლარი. ახლა უკვე 71-ს გადასცდა. არადა, საქართველოს სამომხმარებლო სტრუქტურა რომ ავიღოთ – ნავთობპროდუქტებს ვგულისხმობ, ყოველი ბარელი ნავთობის ერთი დოლარით გაძვირებაც კი – წელზე გაანგარიშებით – ნიშნავს იმას, ჩვენ დაახლოებით რვა მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევს იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტების იმპორტში. აქ საუბარია ერთი დოლარით გაძვირების შემთხვევაში. თუ ათვლის წერტილად ავიღებთ, მაგალითად, 2020 წლის მარტს, მასთან შედარებით უკვე გამოდის ასე 32 დოლარი. ეს 32 რომ გავამრავლოთ თითქმის რვა დოლარზე, მივიღებთ იმ თანხას, რაც დამატებით უნდა გადაიხადოს ქართულმა ბიზნესმა და ქართველმა მომხმარებელმა იმავე რაოდენობის საწვავის მოხმარებისათვის”, – აღნიშნავს ექსპერტი.
მისი განცხადებით, ლარის გამყარება ვერ ახდენს არსებით გარდატეხას იმაში, რომ ლარში კონვერტირებული საწვავის ფასი გაიაფდეს.
‘‘ასეთ პირობებში, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება, რა თქმა უნდა, სასურველ ტენდენციებს ქმნის, მაგრამ ვერ ახდენს არსებით გარდატეხას იმაში, რომ ლარში კონვერტირებული საწვავის ფასი გაიაფდეს. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართულ ბაზარზე იმპორტირებულ საწვავზე საკმაოდ მაღალია აქციზის წილი. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, ყოველ ლიტრ ბენზინში, დაახლოებით, 40 თეთრი აქციზზე მოდის”, – ამბობს იოსებ არჩვაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ