მეფუტკრე ფერმერი, მარიამ კილაძე შვიდი წელია, რაც ეწევა ამ საქმიანობას. სანამ მეფუტკრეობას დაიწყებდა, არასოდეს ჰქონია შეხება სოფლის მეურნეობასთან. მარიამი თბილისში ცხოვრობს, საფუტკრე კი თბილისთან ახლოს, ორ ლოკაციაზე აქვს განთავსებული. მეფუტკრეობაში ჩართულობა 2015 წლიდან დაიწყო, საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯთან არსებული მოკლევადიანი მეფუტკრეობის კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, საჩუქრად გადაეცა ერთი ოჯახი ფუტკარი. სწორედ აქედან დაიწყო მისი აქტიური ჩართულობა მეფუტკრეობაში.
რა იყო თქვენი პირველი პრაქტიკული ნაბიჯები?
აღნიშნულ ადგილზე (დეკორატიული მებაღეობის კოლეჯში), როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, დავიწყე პრაქტიკული და თეორიული ტრენინგების ჩატარება. ამ დროის განმავლობაში, ვეწეოდი საკუთარი საფუტკრის განვითარებას, ვეცნობოდი სხვადასხვა უცხოურ კვლევას, ევროპულ მიდგომებს პრაქტიკულ მეფუტკრეობაში და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი სიახლე დამენერგა საკუთარ საფუტკრეში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, კურსები გაუქმდა, გადაწყვიტე, საკუთარ საფუტკრეში თავად მომეწყო მეფუტკრეობის შესწავლით დაინტრესებული პირებისთვის მოკლევადიანი კურსი. მივიღე გადაწყვეტილება, სწავლა გამეგრძელებინა და ჩავაბარე სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში მეფუტკრეობის პროგრამაზე.
2019 წელს დავწერე პროექტი და მივიღე დაფინანსება ავსტრიის განვითარების ფონდისგან. პროექტის ფარგლებში, მოვაწყე ინოვაციური აგროტურისტული ობიექტი ,,აპისახლი” – ხის კოტეჯი, სადაც ხდება ფუტკრების ჰაერით სუნთქვითი პროცედურა, სადემონსტრაციო საფუტკრე, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა საინტერესო სკის ტიპებით და მეფუტკრეობით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს ცოდნის მისაღებად.
ზოგადად, რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?
ობიექტი ,,აპისახლი”- რომელიც მდებარეობს თბილისთან ახლოს, სოფ. სართიჭალაში, წარმოადგენს აგროტურისტულ ობიექტს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ვიზიტორს შეუძლია, ჩაერთოს აგროტურებში მეფუტკრეობის განხრით, გაეცნოს ფუტკრების საინტერესო ცხოვრებას, მიიღოს მონაწილეობა საფუტკრის სამუშაოებში, დაწუროს თაფლი და დააგემოვნოს ფუტკრის პროდუქტები. ობიექტზე შესაძლებელია თაფლის, ყვავილის მტვრისა და ფუტკრის პროდუქტებისგან დამზადებული ხელნაკეთი საპნების შეძენა.
ხის ეკო კოტეჯში (აპისახლში), განთავსებულია ბადიანი სკა, საიდანაც ხდება ფუტკრების ჰაერით სუნთქვითი პროცედურა, რაც ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის ასამაღლებლად, სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებისთვის. სკაში თავმოყრილია ფუტკრის ყველა პროდუქტი, რომელთა ერთობლიობაც სპეციფიკურ ,,არომატს” წარმოქნის. ტელევიზორის ყურება შესაძლოა, ჩავანაცვლოთ ფუტკრების ყურებით, რადგან მათი ცხოვრება გამორჩეულია სხვადასხვა საინტერესო ქცევით.
შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სადემონსტრაციო საფუტკრე კი განკუთვნილია მეფუტკრეობის შესწავლით დაინტერესებული მსურველებისთვის, მათ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე მიდგომებზე და რეგულაციების შესაბამისი პროდუქცის წარმოებაზე, რაც ხელს შეუწყობს საკუთარი საფუტკრის მენეჯმენტში და სუფთა პროდუქციის წარმოებაში.
სამიზნე ჯგუფს ვინ წარმოადგენს?
„აპისახლში“ ვიზიტი ნებისმიერ მსურველს შეუძლია (უცხოელი / ადგილობრივი), ვინც მეფუტკრეობით და სოფლის მეურნეობით არის დაინტერესებული, ან უბრალოდ ქალაქური ცხოვრებისგან დასვენება სურს და ბენებრივ გარემოს ეძებს.
„აპისახლში“ ვიზიტი სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ, ბავშვების ჩართულობა სოფლის მეურნეობაში მეტად მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ, მეტი ინფორმაცია მიიღონ ფუტკრების ცხოვრებასა და მნიშვნელობაზე ეკოსისტემისთვის, გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაზე.
„აპისახლი“ დამწყებ მეფუტკრეებს სთავაზობს ადგილზე მისვლით, საფუტკრის რევიზიის სერვისს, რაც გულისხმობს საფუტკრეში ჩასატარებელს სხვასასხვა სეზონურ სამუშაოს, დაავადებების მენეჯმენტსა და მკურნალობას, თაფლის დაწურვას და აშ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ