საუცხოო ბუნებით განთქმულ რაჭაში სასიამოვნო სიახლეა – სულ რაღაც ორ კვირაში ორი ზღაპრული კოტეჯი შეიქმნა. ორივე მათგანი სრულიად სხვა სამყაროს გვთავაზობს. იდეალური გარემო, სიმყუდროვე, სილამაზე და გვერდით საყვარელი ადამიანები…
როდიდან მიიღებს ეს ორი კოტეჯი მსურველებს და როგორ შეგიძლიათ, გახდეთ ამ სამყაროს ნაწილი – დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ იდეისა დს პროექტის ავტორი, თეკლა დავითულიანი ესაუბრა.
„აღნიშნული კოტეჯები ამბროლაურშია, ტბისპირა ადგილზე, მდინარე კრიხულასა და ბერდიას ტბას შორის. ამ ეტაპზე, აქ ჩვენ გვაქვს ორი კოტეჯი. ერთერთი მათგანი არის ხავსით დაფარული, მეორე კი არის ტბისპირა კოტეჯი.
ეს ორი კოტეჯი დამსვენებლებს უკვე, დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებიდან მიიღებს. თითოეული მათგანი მაქსიმუმ ოთხ პერსონაზეა გათვლილი. ჩვეულებრივ, წყვილებზეა გათვლილი, მაგრამ, სურვილის შემთხვევაში, ერთ კოტეჯში შესვლა ოთხ ადამიანსაც შეეძლება. ღირებულება ორი ადამიანის შესვლის შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს, ხოლო ოთხი ადამიანის შემთხვევაში – 250 ლარს“, – აღნიშნავს თეკლა.
მისივე თქმით, აღნიშნული სივრცე ზღვარია რეალურ სამყაროსა და ზღაპარს შორის.
„კოტეჯებს დავარქვით “ზღვარი”, რადგან ჩვენი კონცეფცია სწორედ ის არის, რომ ეს ზღვარი არის რეალური ზღვარი ჩვენს რეალურ სამყაროსა და ზღაპრულ სამყაროს შორის. ვინც შემოაბიჯებს ჩვენს ზღვარში, ის უკვე მოხვდება სრულიად სხვა, ზღაპრულ სამყაროში“, – ამბობს ის.
თეკლა „თბილისი თაიმსთან“ საკუთარ სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.
„გვინდა, სამომავლოდ ეს ადგილი რეკრეაციული დანიშნულების სივრცედ ვაქციოთ. გვაქვს ტბა, რომელიც გვინდა, იყოს ტურისტული დანიშნულების. ამ ყველაფერს, თანდათან, უკვე აგვისტოდან გავაკეთებთ. პირველ ეტაპზე კი, ივლისიდან სტუმრებს მხოლოდ ორი კოტეჯი უმასპინძლებს“.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ