„ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2 200 ლარს გადააჭარბებს“, – თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა დიდ ყურადღებას დაუთმობს განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.
„ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 270 მლნ ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი – 243 მლნ ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ ლარს მიაღწევს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მას არაფერი უთქვამს პანდემიის დროს, განათლების სისტემაში შექმნილ პრობლემებსა და დისტანციური სწავლის პირობებში გაღრმავებულ უთანასწორობაზე.