დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია სტაბილურია, თუმცა – საყურადღებო. ამის შესახებ მან NCDС-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ინფიცირების მაჩვენებლებში კლების ტენდენციაა; ყველა პარამეტრი და ინდიკატორი მცირდება. სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ფრიად საყურადღებოა, რადგან საქართველოსთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ის რაც დღეს გვაქვს, სერიოზული რიცხვია.
მიუხედავად ყველა შემსუბუქებისა, რაც ქვეყანაში გვაქვს, ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და, ფაქტობრივად, დანის პირზე მივდივართ, რომ არ ჩაიკეტოს ქვეყანა და რაც შეიძლება მეტი განვითარება და თავისუფლება მივცეთ ეკონომიკას, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ გაუარესდეს.
ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეში პირბადის გამოყენებაზე მანდატურიზმი მოიხსნა, აუცილებლია, დახურულ სივრცეებში, გაჩერებებსა და ბაზრობებზე პირბადის ტარება. სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე ჩვენს მთავარ იარაღად რჩება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.