„ის ყველგან მხედავს, ყველაფერი ესმის, ყველგან მომაგნებს, ციხიდან რომ გამოვა მაშინაც, მას ამიტომაც აქვს უთვალავი ხელი, ყური და თვალი,“ – უთხრა პედოფილიის 9 წლის მსხვერპლმა გოგომ ფსიქოლოგს, როცა მან ნახატის შესრულება დაასრულა. მას ფსიქოლოგმა სთხოვა გადმოეცა ის, რაც მოხდა. სალომეს ნახატში მოძალადე იცინის ისე, როგორც პედოფილიის მსხვერპლი სხვა ბავშვების ნახატებში.
ფსიქოლოგი ქეთი დევაძე, ვისთანაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები თერაპიას გადიან, ამბობს, რომ ხშირად ბავშვები არა თინეიჯერობის დროს, არამედ უფრო ადრეულ ასაკში ხდებიან პედოფილიის მსხვერპლი. გენერალური პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს საქართველოში გააუპატიურეს, 4 წლის იყო. პედოფილიის მაჩვენებელი მზარდია.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის „რელევანტური ინსტიტუტების გაძლიერება“ – ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგშია გაწერილი, თუმცა იგი ამ დრომდე არ სრულდება. „ბათუმელები“ 8 ნოემბერს წერდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 8 წლის ბავშვის შესახებ, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება, მაგრამ სახელმწიფო მას ფსიქოლოგსაც ვერ სთავაზობს.
ფსიქოლოგმა ქეთი დევაძემ ჩვენ რამდენიმე მსხვერპლი ბავშვის მიერ შესრულებული ნახატი გვაჩვენა. სტატიაში სახელები, ასაკი, ასევე ისტორიის ზოგიერთი დეტალი შეცვლილია.
7 წლის ანამ საძინებელი ოთახი დახატა, სადაც ის შეწუხებული სახით ლოგინში წევს, ხოლო კაცი საბანში ხელს უყოფს. კაცი აქაც იცინის. ნახატში კარის სიდიდეც იქცევს ყურადღებას.
„თერაპიის დროს ბავშვმა რამდენჯერმე თქვა, რომ ის ყოველ საღამოს შიშით ელოდა, როდის გაიგებდა კარის ჭრიალის ხმას, როდის შემოვიდოდა ოთახში მოძალადე, რომელიც მათი ოჯახის ახლობელი იყო… კარის ხმა მისთვის უსიამოვნების დაწყებას ნიშნავდა,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი. აქაც მოძალადე იცინის.
„ეს გოგო 10 წლისაა, სკოლიდან შინ ბრუნდებოდა და ავტობუსით მგზავრობის დროს მასზე რამდენჯერმე იძალადა ზრდასრულმა კაცმა,“ – გვიყვება ფსიქოლოგი ქეთი დევაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს მგზავრების სახეებზე – მარის თითოეული მგზავრის სახე გამოკვეთილად დიდი თვალებით დაუხატავს.
„ის ამბობდა, რომ მგზავრები ხედავდნენ, როცა კაცი მას ეფერებოდა, მაგრამ არ იმჩნევდნენ. თქვა, რომ ის არავინ დაიცვა,“ – დასძენს ფსიქოლოგი.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 9 წლის ლიკას კი, საკუთარი სახლი დაუხატავს და ეზო, რომელსაც წრის ფორმა აქვს. ლიკა ფსიქოლოგს მოუყვა, რომ მას სახლიდან გამოსვლის ეშინოდა, რადგან ეზოში შესაძლოა „ის“ ყოფილიყო. კაცი 9 წლის გოგოზე სისტემატურად ძალადობდა. ლიკას ნახატში მოძალადე შარვალჩახდილია. აქაც მოძალადე იღიმის.
Discussion about this post