ზაფხულში მოსახლეობისთვის ერთერთ პრობლემას ქვეწარმავლების შიში წარმოადგენს. ჩვეულებრივ, აღნიშნულ სეზონზე ყოველთვის არის მოლოდინი, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე შესაძლოა, ისინი შეგვხვდნენ.
რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, მიმდინარე წელს და რა უნდა ვიცოდეთ, თუკი ქვეწარმავალს გადავეყრებით – აღნიშნულ საკითხზე “თბილისი თაიმსს” ჰერპეტოლოგი, რატი მამუკაშვილი ესაუბრა.
“ბოლო ხუთი წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მდგომარეობა ამ პერიოდის მანძილზე თითქმის არ შეცვლილა. არ გვაქვს მიზეზი, ვთქვათ, რომ საზოგადოებას პანიკის საფუძველი აქვს. ეს ასე არ არის. ყოველ წელს რა მდგომარეობაც გვაქვს, იგივე სიტუაციაა ახლაც. ის პანიკა, რაც დღეს მოსახლეობაშია, გამოიწვია ერთერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულმა სიუჟეტმა, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს”, – აღნიშნავს რესპონდენტი და ადამიანებს მითითებებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეწარმავალს გადაეყრებიან.
“ზოგადად, როცა ქვეწარმავალი გვხვდება, თავქუდმოგლეჯილი გაქცევა და ყველაფრის მიტოვება გამართლებული არ არის. საჭიროა რამდენიმემეტრიანი დისტანცია, რათა ვიცოდეთ მისი გადაადგილების სავარაუდო მიმართულება. ეს იმიტომ, რომ როდესაც გამოძახებული ჯგუფი ადგილზე მივა, მას შედარებით გაუადვილდეს ქვეწარმავლის დაჭერა. როგორც წესიზ დაახლოებით, 30 წუთია საჭირო მის დასაჭერად. გააჩნია ტერიტორიას”, – განმარტავს რატი მამუკაშვილი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ