საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილ “თბილისი პრაიდის” “ღირსების მარშის” უკან დგას “რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით”. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
“მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და სწორედ მათი მიზანია დღეს, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა. რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ჩვენ არ დავუშვებთ”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.