საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ გამართვა. მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს მოიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მარში მიუღებელია და შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ აქცია რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარდეს.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მარშის ალტერნატიულ ადგილას გამართვის რეკომენდაცია მიეცათ:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მუდმივ კონტაქტზე ეგრეთ წოდებული პრაიდის, ამ მარშის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, კერძოდ პოლიციის მიერ შეფასებული რისკების შეფასება და ზოგადად საფრთხეების შეფასება უნდა იქნას მხედველობაში მიღებული და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.