საზოგადოებისთვის ერთ ერთ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხს თამბაქოს მოხმარება, მისი რეალიზება და შესაბამისი სანქციები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი, მეტნაკლებად, აღნიშნულ საკითხს არეგულირებს, ჩვენ ხშირად ვხვდებით კანონდარღვევის ფაქტებს.
დეტალებზე “თბილისი თაიმსს” თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე ესაუბრა.
“თამბაქოს ნაწარმის რეკლამა და პოპულარიზაცია სრულად არის აკრძალული. ინტერნეტ და მედია სივრცეში მაინც შევხვდებით მსგავსი, უკანონო რეკლამების შემთხვევებს მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია. დღეის მდგომარეობით, კანონი ყველა სახის რეკლამასა და პოპულარიზაციას კრძალავს. თუმცა, მედია საშუალებების გარკვეული ნაწილი, რომელიც ფინანსდება პირდაპირ თამბაქოს ინდუსტრიისგან, მაინც არღვევს კანონს. ეს ძალიან დიდ აღშფოთებას იწვევს ჩვენი და საზოგადოების მხრიდან, რადგან ხდება მათი კონკრეტული ბრენდების პოპულარიზაცია.
ვრცელდება ცრუ, არამეცნიერულ მასალებზე დაყრდნობილი ინფორმაცია და, ფაქტობრივად, ამ ნარკო დამოკიდებულებაში იწვევენ ახალ მომხმარებლებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, მოზარდებს. ეს არის მიუღებელი და კანონ საწინააღმდეგო ქმედება, ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენ პარლამენტსა და შემოსავლების სამსახურს, რომლის პრეროგატივაც ამ კუთხით გარკვეული ზედამხედველობის გაწევაა, რომ აღსრულების მექანიზმი არის დასახვეწი და ეს პროცესი საჭიროა”, – განმარტავს ბახტურიძე და იმ შემთხვევებზეც საუბრობს, როდესაც, კანონ საწინააღმდეგოდ, პრომო გოგონები სავაჭრო დაწესებულებებში მაინც ახდენენ თამბაქოს პროდუქციის პოპულარიზაციას.
“ასევე, 2018 წლიდან აკრძალულია სავაჭრო ობიექტებში პრომოგოგონების გამოჩენა. სამწუხაროდ, თამბაქოს ინდუსტრია, რა თქმა უნდა, არ ერიდება კანონის დარღვევას და, პრომო სააგენტოების დაქირავების საშუალებითა და მაღაზიებისთვის გარკვეული სარგებლის დაპირებით, არღვევენ კანონს.
კანონით, პრომო სააგენტოები ან, ზოგიერთ შემთხვევაში, თამბაქოს ინდუსტრია აგებს ხოლმე პასუხს, მაგრამ სავაჭრო ობიექტები ამ ჯარიმების მიღმა არიან დარჩენილნი. ესეც ხარვეზია, რომელიც გამოსწორდება და სავაჭრო ობიექტები იმდენივე ოდენობის საჯარიმო სანქცია ექნებათ დაკისრებული, როგორც პრომოსააგენტოებს, რომლებიც უკანონო ქმედებებს ჩადიან”, – აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.
მისი შეფასებით, სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზება აკრძალულია, თუმცა, შესაბამისი საჯარიმო სანქცია ძალიან დაბალია.
“თქვენ იცით, რომ სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზება აკრძალულია. ამ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია ძალიან დაბალია და სავაჭრო ობიექტები ამ თანხას იხდიან. ამიტომ, კანონმდებლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია საჯარიმო სანქციის გაზრდა, რათა ამ მიმართულებით გაიზარდოს ეფექტურობა”, – ამბობს თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე”თბილისი თაიმსთან” საუბრისას.