საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სახალხო დამცველს ხვდება. როგორც შეხვედრამდე ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტთან 5-6 ივლისს მომხდარ თავდასხმებზე ისაუბრებს, გამოთქვამს საკუთარ პოზიციას და მოისმენს სალომე ზურაბიშვილის აზრს.
„პრეზიდენტი ჩვენი სახელმწიფოს მეთაურია. მინდა, ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, ვესაუბრო გამოძიებასთან დაკავშირებითაც. მოგეხსენებათ, არაერთხელ განვაცხადე და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოვუწოდე, დაიწყონ გამოძიება დანაშაულებრივი, ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, დღემდე, ეს არ მომხდარა. ამაზე მინდა ვესაუბრო პრეზიდენტს და ზოგადად, შექმნილ ვითარებასა და იმაზე, თუ რას ფიქრობს თავად“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.