„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, ერთადერთი შემთხვევა, როცა ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, ეს საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა იქნება.
„ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ფრაქცია ძალა ერთობაშია, რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამ ფარისევლურ ყალბ პარლამენტში, მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და არავის არ უნდა რომ პასუხი მოსთხოვოს ირაკლი ღარიბაშვილს.
ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს.
ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურისა დასაქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა”,-თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ ოპოზიციას პარლამენტის სასესიო დარბაზი დაატოვებინეს. მოვლენების დაძაბვა „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებას მოჰყვა.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
გუშინვე ლექსო ლაშქარავას მხარდასაჭერად აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.