სამების ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი გადასცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლექსო ლაშქარავამ პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოასწრო, მაგრამ დედამისს უახლოეს პერიოდში შეხვდება.
„მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ ოჯახში და წესი ავუგეთ ალექსანდრეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ, ვიზიარებ ამ ოჯახის მწუხარებას. ალექსანდრეს ჰქონდა მასთან შეხვედრის დიდი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შედგა და უწმინდესი მის დედას აუცილებლად შეხვდება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
მისი თქმით, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს. მისი ინფორმაციით, საპატრიარქოში ის სასულიერო პირები დაიბარეს, ვისაც 5 ივლისს „გადაცდომა ჰქონდა”.
„ყველა ძალადობის ფაქტი უნდა იყოს გამოკვლეული და მოძალადე უნდა იყოს დასჯილი. სასულიერო პირებს, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, ვიცი, რომ საპატრიარქოში იყო დაბარებული და საპატრიარქოში მოსთხოვეს მღვდელმთავრებმა ამ ყველაფერზე პასუხი“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
კითხვაზე, რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ სასულიერო პირებს, რომლებიც საპატრიარქოში დაიბარეს, არქიმანდრიტმა უპასუხა, რომ ამისთვის „არსებობს რჯულის კანონი” და ამის მიხედვით იმოქმედებენ.
მისი თქმით, ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარული უნდა ისწავლონ.
„ტელევიზიებიდან გაჟღერებული ერთი, ორი ან თუნდაც ხუთი მოძალადე მღვდლის გამო, მეც მოძალადედ აღმიქვამს მთელი საქართველო და ეს ჩემი ბრალია? მე რა შუაში ვარ, 2000 მღვდლიდან თუ 5 აშავებს, 1995-მა რა დავაშავეთ? იუდათი ხომ არ უნდა განვსაზღვროთ 12 მოციქული“, – განაცხადა არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა