შინაური ცხოველები საკუთარი მეპატრონეებისთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან. ისინი ზრუნავენ მათზე და ყოველთვის გვერდით ჰყავთ. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები მათ კარგავენ. ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, ცოტა ხნის წინ დაარსდა „ფეთქარდი“. დეტალურად, რას ითვალისწინებს ის და რა მომსახურებას სთავაზობს ცხოველების პატრონეებს – „თბილისი თაიმსს“ გაყიდვების მენეჯერმა, ანი ავალიანმა უამბო.
რამდენი ხანია, რაც „ფეთქარდი“ არსებობს?
“ფეთქარდის” შექმნის იდეა, დაახლოებით, 1 წლის წინ გაჩნდა, ხოლო აქტიური გაყიდვები 2 თვეა, რაც დავიწყეთ და საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია ცხოველების მოყვარულებს შორის.
რას სთავაზობს ის ცხოველების მეპატრონეებს?
გამომდინარე იქედან, რომ ცხოველები ხშირად იკარგებიან და ჩვენ ხშირად ვაწყდებით სხვადასხვა სოციალურ ქსელში თუ ავტობუსების გაჩერებებზე დაკარგული ცხოველის ფოტოებს, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა უნივერსალური პროდუქტი, რაც მეპატრონეებს საყვარელი ცხოველის სამუდამოდ დაკარგვისგან დაიცავდა. დღევანდელ ციფრულ სამყაროში აღარ უნდა ვაწყდებოდეთ თუნდაც გაჩერებებზე გამოკრულ განცხადებებს, ცხოველის დაკარგვის თაობაზე. ამიტომაც, შევქმენით ბრელოკი, დატანილი უნევერსალური QR კოდით. ბრელოკის შეძენისას ცხოველის მეპატრონე თავად უთითებს საჭირო ინფორმაციას, ხოლო მპოვნელი QR-ის დასკანერებით მარტივად იგებს ცხოველის პატრონის ვინაობას, საკონტაქტო ინფორმაციას თუ სხვა.
დეტალურად, რა ინფორმაცია იქნება დატანილი მასზე?
ეს მეპატრონის სურვილზეა დამოკიდებული, თუ რა ინფორმაციას დაიტანს QR-ზე. საკონტაქტო, საცხოვრებელი მისამართი, ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ა.შ. ამასთან, მომხმარებლებს ნებისმისერ დროს შეუძლიათ, განაახლონ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში, მაგალითად, მაშინ თუ ისინი საცხოვრებელ ადგილს ან მობილური ტელეფონის ნომრებს შეიცვლიან.
ამ დრომდე, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა თქვენთვის „ფეთქარდის“ შეთავაზება?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ფეთქარდმა” საკმაო დაინტერესება გამოიწვია ცხოველების მეპატრონეებს შორის. ყოველ მეორეს ერთხელ მაინც გამოუცდია ცხოველის დაკარგვის ტკივილი, ხოლო „ფეთქარდი“, მიკროჩიპებისა თუ ამოტვიფრული ბრელოკებისგან განსხვავებით, ბევრად მარტივი და კომფორტულია, მპოვნელს ნებისმისერ დროს შეუძლია, გაუზიაროს ცხოველის ლოკაცია მეპატრონეს. QR-ზე დატანილი საკმაოდ ბევრი ინფორმაციის GPS-ის თუ დასკანერების სიმარტივის გამო, იგი საკმაო პოპულარობით საგებლობს ცხოველების პატრონებს შორის.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ