მე არ ვარ მოძალადე, ვარ ქართველი ვაჟკაცი, – ამის შესახებ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასმიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულმა დავით კუტალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„არაერთხელ გააჟღერეს, რომ მე ვარ მოძალადე და ჯგუფური ძალადობის შედეგად ვიძალადე ჟურნალისტებზე. ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ წევრებმა ჩვენი დროშის ფონზე ჩვენს სამებას მიაყენეს შეურაცხყოფა. 12 დღით ადრე ჩამოვედით თბილისში. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირ ბიჭებზე დაერქვათ მოძალადეები. მე მოვუწოდებდი ჩვენს მეგობრებს, რომ არავინ შეხებოდათ მათ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. მათ სურთ, რომ ჩემგან შექმნან, მოძალადე. მე უბანში სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი ახალგაზრდობისთვის, არ უნდა შემრცხვეს იმ მოხუცების, რომელთაც ჩვენი რელიგია მოგვიტანეს.
ჟურნალისტებმა დამაბრალეს. ის ადამიანი ღმერთმა გაანათლოს, ვინც გარდაიცვალა. მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი“, – განაცხადა კუტალაძემ.
დავით კუტალაძემ აღნიშნა, რომ აქციაზე „სამშობლოს დასაცავად“ გავიდა და საზოგადოებისთვის საშიში არ არის.
„საომრად არ გავსულვარ, მე იქ გავედი სამშობლოს დასაცავად. იქ ჩვენ შევარდნას პუტინისეული შევარდნა დაარქვეს და ახლა ჟურნალისტის გარდაცვალებას და ცემას გვაბრალებენ. ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ოღონდ ციხეში გამიშვან. ხელში ვერ ავწიე საქმის მასალები, იმდენია ჩემზე. ბორჯომის აქციებზე ვიყავი, „ნამახვანის“ აქციებზე ვიყავი, მე დავარტყი ყველაზე ძლიერ წერტილში, აპირებენ ფერადი დროშის მიღმა შემოიტანონ სხვა რაღაცა. ერთი სამართალდარღვევა არ მაქვს. როდესაც ღირსებას დროშას, ტრადიციას ეხებიან და რუსთაველზე ირჩევს ღირსების მარშად სადაც გმირები დაიხოცნენ, ყველა ქართველმა უნდა დაიცვას ეს ტერიტორია, როგორც ჯარისკაცმა ის ადგილი. სულ ასე გავზრდი ჩემს შვილებს, დათო კუტალაძეს კი არ იტყვიან, ქართველიაო, იტყვიან. ეს არის ჩემი სიმართლე!“ – აღნიშნა კუტალაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და „ტვ პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის დაკავებულ დავით კუტალაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა .