ჯანდაცვის მინისტრმა რეგისტრაციის სისტემაში შეფერხებების არსებობა დაადასტურა და „რუსთავის 2“-ის ეთერში ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პორტალზე დარეგისტრირება შეფერხებულია.
„რეგისტრაციის სისტემაში შეფერხებებია, ეს უნდა დავადასტუროთ. პირველ რიგში, მოქალაქეებს მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ამ შეფერხებების გამო.
სხვა პერიოდში შეფერხებებს ჩვენთვის სხვადასხვა სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით კიბერთავდასხმები იწვევდა; ამჯერად დაფიქსირებული ხარვეზი მაღალი მომართვიანობით და ვაქცინაციის პროცესისადმი მოქალაქეების მხრიდან დიდი ინტერესით არის გამოწვეული. ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა და მისი აღმოფხვრა ვერ მოხდა. ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში მივლენილია ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხარვეზის აღმოფხვრა უმოკლეს ვადაში მოხდება“, – განაცხადა მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ.
ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეები დაამშვიდა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ დარეგისტრირებას, Pfizer-ის დოზები ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა და ვაქცინაციის მსურველი პირები შეუფერხებლად დარეგისტრირდებიან.
„პარალელურად ჩვენი მოქალაქეები მინდა დავამშვიდო, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა არაა საბოლოო რაოდენობა, შესყიდვა განხორციელებულია და გადარიცხულია სრული თანხა, Pfizer-თან პირდაპირი მოლაპარაკებების ფარგლებში მათი მხრიდან დასმული მნიშვნელოვანი ღონისძიებების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს, რომ ეტაპობრივი მოწოდება უნდა მოხდეს და სწორედ ეტაპობრივად განხორციელდება მოწოდება“, – განმარტა მინისტრმა და კითხვაზე – ამოიწურა თუ არა ქვეყანაში შემოსული 14 000 მოქალაქისთვის განკუთვნილი დოზა, ასე უპასუხა: „ადამიანები ვინც დღეს ვერ მოახერხებენ დარეგისტრირებას, ამას შემდეგ დღეებში შეძლებენ და “ფაიზერის” ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი მუდმივად გახსნილ რეჟიმში დარჩება, რადგან მწარმოებლისგან ვაქცინების მოწოდების გარანტია გვაქვს“.