“მასტერშეფს” უკვე უზომოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. პროექტის ქართული ანალოგი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და რეიტინგი ყოველ მომდევნო სეზონზე რეკორდულად მზარდია. ქართველმა მაყურებელმა უკვე მისი ხუთი სეზონი იხილა.
სწორედ მისი მეხუთე სეზონის ფინალისტია იოსი კაკიაშვილი. საუკეთესო თორმეტეულში მოხვედრის შემდეგ, ის სამ საუკეთესოს შორის აღმოჩნდა. დეტალურად, როგორ დაიწყო მისი კულინარიული თავგადასავალი “მასტერშეფში” და რა ინტერესები აქვს – “თბილისი თაიმსს” იოსი თავად ესაუბრა.
“სულ ამას ვამბობ – არასდროს უნდა დანებდეს ადამიანი და ყოველთვის უნდა გააკეთოს ის, რაც უყვარს, ვინაიდან თუ იმას აკეთებ, რაც გიყვარს, არასდროს დაიღლები. ადამიანის მთავარი მოტივიც ხომ ეს არის, რომ მუდამ ბედნიერი იყოს. მე ბედნიერი ვარ სამზარეულოში; ბედნიერი ვარ, როცა ხელები მეწვის; ბედნიერი ვარ, როცა ხელს ვიჭრი… როდესაც ადამიანები ჩემ გაკეთებულ კერძს მიირთმევენ და თვალებში ემჩნევათ კმაყოფილება, ეგ არის ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი, ამისთვის მე შემიძლია, 24 სთ-ის მანძილზე ვიშრომო”
თავდაპირველად, კულინარიაში შენს პირველ ნაბიჯებზე გვესაუბრე:
კულინარია მე, ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, ერთერთ საყვარელ პროფესიად მიმაჩნდა. ძალიან მომწონს ხალხის გაბედნიერება. თუმცა, წელიწან-ნახევრის წინ რომ ჩემთვის ეთქვათ, ვწრ წარმოვიდგენდი, რომ მე დღეს შემდგარი მზარეული ვიქნებოდი, რადგან არ მქონდა გადაწყვეტილი ეს. ვსწავლობდი ფინანსებზე, ეკონომისტობა მინდოდა, სასტუმროების მართვის მხრივ ვიყავი ჩართული. მაგრამ მივიღე ძალიან უჩვეულო გადაწყვეტილება ჩემი თავისა და ჩემი ოჯახისთვის. გადავწყვიტე, არ დამეკარგა დრო, შემესწავლა ეს სფერო და დავიწყე უფასოდ მუშაობა რესტორნებში – მივდიოდი, სანაცვლოდ თანხას არ ვითხოვდი, შეფებს ვუყურებდი – რას როგორ აკეთებდნენ და ასე ვსწავლობდი.
თუმცა, ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ დაახლოებით 2-3 კვირაში სამსახურში ავყავდი. “მასტერშეფამდე”, მქონდა ხუთ თვიანი სამუშაო გამოცდილება. ვიმუშავე ორ რესტორანსა და ერთ სასტუმროში. ეს 5 თვე მეძალიან დამეხმარა.
რა შეცვალა “მასტერშეფმა” შენი კულინარიული უნარების მხრივ?
“მასტერშეფმა” ჩემი კულინარიული უნარები, სულმცირე, გააათმაგა. რა სტრესიც აქ იყო, ალბათ, ასეთი სტრესი ბევრ დიდ სამზარეულოში არ არის. დროში, ინგრედიენტებში შეზღუდული ხარ. ამავე დროს, უნდა გამოგივიდეს იდეალური კერძი. ზუსტად ამ პირობებმა მომცა ის, რომ მე დღეს უკვე ძალიან მყარი ვარ სამზარეულოში. აღარაფრის მეშინია, ჩემთვის უკვე ყველანაირი კერძის მომზადება მარტივია და საკუთარ თავში 100 %-ით ვარ დარწმუნებული.
გამორჩეულად, რომელი სამზარეულო მოგწონს საქართველოში?
საქართველოში გამოვარჩევ მეგრულ სამზარეულოს, რადგან ის არის ძალიან დიდი დიაპაზონის. კერძების მომზადება მოიცავს ძალიან დიდ ტექნიკას დამიყვარს მათი გემოების ასორტიმენტი – არის ცხარე, ცინცხალი, ფრეში.
ამ ეტაპზე, რას საქმიანობ?
ამ ეტაპზე, ვარ ისრაელში. ვიწყებ მუშაობას საკონდიდრო დაწესებულებაში, რადგან საკონდიტრო უნარების დახვეწა მინდა. აგვისტოს ბოლოს კი კონტრაქტი მეწყება ჰოლანდიაში, დაახლოებით, ორი თვით. ქართული სამზარეულოს გახსნა სურთ და უნდა ვასწავლო იქაურებს, როგორ მზადდება ჩვენი უგემრიელესი კერძები. ვცდილობ, მოკლე ხანში ბევრი ადგილი შევიცვალო, შემდეგ წავიდე სასწავლებლად და ვიყო სერთიფიცირებული მზარეული.
სამზარეულოს გარდა, რით ხარ დაინტერესებული?
სამზარეულოს გარდა, დაინტერესებული ვარ სპორტით. 7 წლის მანძილზე ვიყავი მორაგბე. ვთამაშობდი კალათბურთსაც. ასევე, პროფესიის მხრივ, ძალიან მომწონს სასტუმროების მენეჯმენტი, ვინაიდან ნამუშევარი მაქვს და ვიცი ეს სფერო.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ