– ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა
ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გვინდა დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.
როგორც ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გვაქვს საერთო მიზნები, რაც არის ევროკავშირის სრული წევრობა, თავისუფლება, თანასწორობა და დემოკრატია.
„ეს არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიღწევებისთვის განსაკუთრებულ ფასს ვიხდით. ოკუპაცია, ანექსია და სხვა საკითხები წლების განმავლობაში გვაბრკოლებდა.
საქართველოში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში საოკუპაციო ხაზთან ყოველ თვე მივდივარ. ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ქვეყნები, რომელთაც არჩევანი გააკეთეს და დღეს ვართ გაერთიანებული“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, „ასოცირების ტრიო“ ახალი რეგიონალური განზომილებაა. მისივე თქმით, „ევროპის დიზაინი შექმნილია და გვაკლია სამი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი“.
„მახარებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ „ასოცირების ტრიო“ მნიშვნელოვანია. ეს არის იმის აშკარა გზავნილი, რომ ევროკავშირს ხვალვე რომ შევუერთდეთ, უკრაინა აცნობიერებს, რა ამოცანები გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ ეს ამოცანები არ გვაშინებს. ჩვენ სხავადასხვა მიმართულებით მივიღეთ კანონი, განვახორციელეთ სასამართლო სისტემის რეფორმა. მოსამართლეთა მაღალი კვალიფიკაცია არის მოთხოვნა, რომელსაც ვაკმაყოფილებთ. გაციფროვნება, დეცენტრალიზაცია, პარლამენტის წევრთათვის იმუნიტეტის მოხსნა – ეს ის საკითხებია, რაზეც ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ. ანტიკორუფციული მიმართულებით ძალისხმევა არის პირობა, რაც ჩვენ დავდეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.