„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.
„თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოჰკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე – სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების, რომელმაც იცის, რა სჭირდება თბილისს და თბილისელებს; რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში. „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს – კახა კალაძეს, – განაცხადა წარდგენისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.