პურის ფასმა ათი თეთრით მოიმატა. რა გახდააღნიშნულის მიზეზი – “თბილისი თაიმსს” პურისმცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ესაუბრა.
როგორც დოლიძემ განმარტა, აღნიშნული ფქვილისადა დამხმარე მასალების გაძვირებამ განაპირობა,
“მიმდინარე თვის პირველ რიცხვში დასრულდა სუბსიდირების პროგრამა. დასრულდა იმიტომ, რომ ახლა არის ახალი მოსავალი, პროგნოზები არ არის ცუდი – კარგი მოსავალი მოვიდა საქართველოშიც და რუსეთშიც.
სუბსიდირებული ფქვილი მწარმოებლებს 53 ლარად მიეწოდებოდათ ერთი ტომარა. დღეს ეს ფასი შეადგენს 60-62 ლარს. ათ თეთრიანი სხვაობაც სწორედ ამან განაპირობა”, – განმარტავს დოლიძე.
როგორც ის აღნიშნავს, ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი რას იზამენ ვაჭრობის სფეროში ჩართული პირები.
“ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი, რას იზამს ვაჭრობა. ვაჭრობის სფეროში არიან ადამიანები, რომლებიც იყენებენ ამ სიტუაციას და ერთი რომ ათ თეთრს მოამატებს, მეორეც ამატებს. ეს არის ძალიან სამწუხარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვაფრთხილებთ, არ მოამატონ ფასები. თუმცა, ფასების ლიბერალიზაციაა.
ამასთან, სტანდარტი არ ითვალისწინებს, მაგრამ, კორონავირუსის გამო, ზოგიერთი მწარმოებელი თითოეულ პურს ფუთავს. ფასის მხრივ, ესეც გასათვალისწინებელია.
რომ შევადაროთ, ერთი ლიტრი წყალი საქართველოში, საშუალოდ, ერთი ლარი ღირს. ერთი ლიტრი წყალი და ნახევარი კილო პური არ უნდა იყოს ექვივალენტში? პურს იმდენი დამუშავება უნდა – ხორბალი, საფუარი, ძალიან ბევრი ფქვილი სჭირდება საწარმოებლად”, – განაცხადა პურისმცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ