რა უპირატესობები აქვს დეპოზიტს, როგორ ვამცირებთ მომხმარებლები ამ ფორმით საკუთარ ვალდებულებებს და როგორ მოაქვს მას ჩვენთვის დამატებითი შემოსავლები – საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსს” “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ესაუბრა.
“ფულის დაზოგვის ერთერთი საუკეთესო საშუალება გახლავთ, რომ ის შევინახოთ ანაბარზე. მოგეხსენებათ, საქართველოში ანაბრის შენახვისა და მიღების უფლება აქვთ მხოლოდ კომერციულ ბანკებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამის უფლება არ აქვთ.
დაზოგვის სხვადასხვა საშუალება არსებობს. არის ვადიანი ანაბარი, სადაც თანხას ვდებთ და ყოველწლიურ, ყოველთვიურ პროცენტს ვიღებთ. არის შეგროვებადი, ზრდადი ანაბარი და არის მოთხოვნამდე ანაბარი, როდესაც გვიდევს თანხა და განვკარგავთ მაშინ, როცა გვინდა. თითოეული გახლავთ სხვადასხვა პირობით. დღეს განსაკუთრებით გაზრდილია ლარში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი, რაც გამოწვეულია იმით, რომ სესხებზეც გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, გაზრდილია ასევე რეფინანსირების განაკვეთი. ამან გამოიწვია ლარში საპროცენტო სარგებლის ზრდა და კომერციული ბანკები აქტიურ სარეკლამო კამპანიას აწარმოებენ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მეტად გაუჩნდეთ სურვილი ლარში დაგროვების”, – აღნიშნავს კეპულაძე.
როგორც ის განმარტავს, საქართველოში დაზოგვის კულტურა მაღალი არ არის.
“ზოგადად, სამწუხაროდ, საქართველოში დანაზოგები არ არის მაღალი. არც დაზოგვის კულტურაა ისეთი მაღალი, როგორიც არის მაგალითად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. თუმცა, ალბათ, ამასაც სჭირდება გარკვეული დრო. ჩვენთან მოსახლეობის ნაწილს იმის შემოსავალი არ აქვს, რომ თვიდან თვემდე იმყოფინოს, არამცთუ დაზოგოს.
ბანკებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მათაც აწარმოონ აქტიურად კამპანია, მათ შორის, ლარში დაგროვების წასახალისებლად. ახლა, რეალურად, დოლარსა და ევროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით საპროცენტო განაკვეთები, ფაქტობრივად, მინიმუმზეა, რაც იწვევს იმას, რომ ჩვენ თუ დოლარში თანხას დავდებთ, მას წლიურად ძალიან მცირე თანხა დაემატება”, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ