ტურიზმის სფეროს გაჯანსაღების მხრივ, მიმდინარე სეზონი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, კოვიდპანდემია ამ მხრივ ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის – სხვადასხვა რეგულაციისა და შეზღუდვის ფონზე, ქვეყანაში ტურისტები ნებისმიერ შემთხვევაში ნამდვილად ვერ მოხვდებიან.
როდის დაუბრუნდება საქართველოში ტურიზმი კრიზისამდელ დონეს – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე ესაუბრა.
„ჩვენი ტურისტული სექტორი, ეკონომიკაში განთავსების საქმიანობასთან დაკავშირებული დარგები გასულ, 2020 წელს ორჯერ და მეტჯერ შემცირდა. თანდათანობით, უკუსვლა უკვე შეჩერებულია და მივიწევთ წინ. რის თქმა მინდა – შესაძლოა, ახლა ტემპები საკმაოდ შთამაგონებელი და მაღალია, მაგრამ რადგან ათვლის წერტილი შედარებით დაბალია, ეკონომიკაში – და განსაკუთრებით ტურისტულ სექტორში, 2021 წლისთვის გამორიცხულია, 2022 წელს გარკვეული პოზიციებით შეიძლება, მოვუახლოვდეთ, ხოლო კრიზისამდელ დონეზე გასვლა უნდა ვივარაუდოთ – თუ სხვა ფაქტორებმა არ შეგვიშალა ხელი, 2023 წლისთვის. სხვა დარგებში კრიზისამდელი დონე გაცილებით ადრე იქნება მიღწეული. ყველაზე მეტად დაზარალებული, მგრძნობიარე დარგი ტურიზმი აღმოჩნდა.
საავიაციო ტრანსპორტის განვითარება, ახალი მიმართულებების ათვისება სწორედ ტურიზმის სფეროს გაძლიერებას შეუწყობს ხელს და ვფიქრობ, ტემპი იქნება საკმაოდ დამაიმედებელი“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ