საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, Twitter-ის გვერდზე, ტოკიოს ოლიმპიადაზე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძის წარმატების შესახებ წერს.
„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, სიამაყეს გრძნობს“, – წერს ემანუელ მაკრონი.
მაკრონის პოსტს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„საქართველო ამაყობს ლუკათი და ბედნიერია საფრანგეთისა და ცოტათი – საქართველოს ამ გამარჯვებით. 100 წლის განმავლობაში, საფრანგეთი ქართველებისთვის სტუმართმოყვარეა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ, 60 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა.