საქართველო მუსიკალური გემოვნებით გამორჩეული ქვეყანაა. ძალიან ბევრი ინსტრუმენტის ფონზე, დღემდე იქმნება სასიამოვნო და განსხვავავებული მუსიკა. კალიმბა ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ საკმაოდ პოპულარული არ არის.
მის შესახებ Kalimba.ge-ს დამფუძნებელი, თორნიკე ივანიშვილი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
რატომ გაგიჩნდათ იდეა, დაგემზადებინათ საკრავი კალიმბა?
გამომდინარე იქედან, რომ მუსიკოსი ვარ, მუსიკალური ინსტრუმენტები ჩემთვის ახლობელი თემაა. ერთხელაც მუსიკისადმი სიყვარულს დავუმატე ჩემი, როგორც ჰენდმეიდერისა და დიზაინერის გამოცდილება, ბოლოს კი ჩემი კიდევ ერთი პროფესიის, ფოტოგრაფიის დახმარებით ეს საქმიანობა ბიზნესად ვაქციე.
ტრაბახის გარეშე შემიძლია, ვთქვა, რომ შევქმენი ისეთი კალიმბების სერია, რომელიც არა თუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ იყო და არც ახლაა. ახალი, უნიკალური დიზაინისა და ფორმების კალიმბების სერიების შექმნა-წარმოება კვლავ გრძელდება. სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა შენს საქმეში პირველი ხარ და სხვებისთვის მაგალითი ხდები, ამას უკვე ვგრძნობ, როგორ ცდილობენ,მოგვბაძონ, რაც მანიშნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ჩემი ოჯახის, კონკრეტულად, ჩემი ძმისა და დედაჩემის წვლილი რომლებიც ასევე ჰენდმეიდერობით არიან დაკავებულნი და საქმის წამოწყებამდე დიდი სტიმული მომცეს.
საქართველოში რამდენად დიდია მის მიმართ ინტერესი?
კალიმბა ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით, „ახალი ხილია“. შესაბამისად, მის მიმართ ინტერესიც არაერთგვაროვანია. უამრავმა ადამიანმა სწორედ Kalimba.ge-დან შეიტყო ამ ჯადოსნური ინსტრუმენტის შესახებ. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ინტერესი მოიმატებს და ჩვენი ბრენდი, უკვე როგორც ქართული წარმოება, ამაში თავის გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
უმთავრესად, რა ასაკის მომხმარებლები მოგმართავენ მათ შესაძენად?
Kalimba.ge ონლაინ მაღაზიაა და ყველაზე ხშირად მომხმარებელთან სოციალური ქსელების მეშვეობით ვკონტაქტობთ. კალიმბა ის ინსტრუმენტია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შეიძლება, იყოს საინტერესო და ეს ინტერესიც რომელიმე კონკრეტული ასაკის ჯგუფისგან არ მოდის. თითქმის ყველა ცნობისმოყვარე თვალით გვიყურებს.
დიზაინი თითოეულს განსაკუთრებული აქვს – ვისი იდეით იქმნება დიზაინი?
ყველა დიზაინი, უმნიშვნელო დეტალებიც კი, ჩემი შერჩეული და შექმნილია. თუმცა, მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც სტანდარტულ (ანუ უკვე არსებულ) დიზაინებს, ასევე, ინდივიდუალური დიზაინის შექმნის შესაძლებლობას. ინდივიდუალური დიზაინის შემთხვევაში, თავად მომხმარებელსაც ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კალიმბის შექმნაში და შეიძინოს ისერთადერთი, უნიკალური გარეგნობის ინსტრუმენტი,რომელიც არ მეორდება.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ